საზოგადოება

საბურთალოს რაიონში, კორტების ყოფილ ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსი მოეწყობა

20.02.20 10:15


საბურთალოსა და ბახტრიონის ქუჩებს შორის არსებულ კორტების ყოფილ ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსი მოეწყობა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ტერიტორია წინა ხელისუფლების დროს, 2009 წელს გასხვისდა და იქ საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა იგეგმებოდა.

კახა კალაძის თქმით, ადგილმონაცვლეობის შესახებ ინვესტორთან აქტიური მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და კორტების ყოფილი ტერიტორია მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა.

„წინა ხელისუფლებამ 2009 წელს კიდევ ერთი სამარცხვინო ფაქტი ჩაიდინა და საბურთალოსა და ბახტრიონის ქუჩებს შორის არსებული კორტების ყოფილი ტერიტორია ყაზახ ინვესტორზე გაასხვისა. რა თქმა უნდა, მოსახლეობის უკმაყოფილების მიუხედავად, იქ დაგეგმილი იყო კორპუსების მშენებლობა. ინვესტორს ყველანაირი ნებართვა ჰქონდა კანონის ფარგლებში აღებული და ამ კონკრეტულ ადგილზე საცხოვრებელი სახლების აშენებას გეგმავდა. ჩვენი ჩართულობით, მას ამის შესაძლებლობა არ მივეცით. მინდა, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ კონკრეტული პრობლემის მოგვარებაში იყო ჩართული და ჩემს თანამშრომლებს მადლობა გადავუხადო. ასევე, მინდა გამოვყო ჩემი ყოფილი თანაგუნდელები – ლევან გოგიჩაიშვილი და ვახტანგ შაქარაშვილი, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ საკითხის გადაწყვეტაში. მიუხედავად იმისა, რომ ისინი დღეს ჩვენს გუნდში აღარ არიან და ჩვენი გუნდის მისამართით, ხშირად არასწორი განცხადებების გაკეთებით გამოირჩევიან, მაინც ვალდებული ვარ, აღვნიშნო ამ ადამიანების როლი იმაში, რომ ჩვენ ყველამ ერთად მოვახერხეთ ამ ქალაქისთვის კორტების ყოფილი ტერიტორიის დაბრუნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა განმარტა, ამჟამად, მუნიციპალიტეტი ამზადებს აუქციონს, რომლის მიხედვითაც, ერთადერთი პირობა აღნიშნულ ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსის მოწყობა იქნება. აუქციონის პირობების მომზადების დროულად დასრულება კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, დაინტერესებულ პირებს კი აუქციონში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

„რაც შეეხება შემდეგ ნაბიჯს, გვინდა, გავყიდოთ ეს ტერიტორია – გამოვაცხადოთ ინტერესთა გამოხატვა, სადაც უნდა იყოს მითითებული, რომ ამ კონკრეტულ ადგილზე უნდა მოეწყოს სპორტული კომპლექსი. აქ იქნება ჩოგბურთის ოთხი კორტი, ერთი ღია ან დახურული საცურაო აუზი, სატრენაჟორო დარბაზი. ეს იქნება ცენტრი, რომლითაც ქალაქის მასშტაბით ყველა მსურველი, ყველა თაობის ადამიანი ისარგებლებს. მინდა, ირაკლი ხმალაძეს ვთხოვო, რომ მომავალ კვირას აუქციონის გამოსაცხადებლად ყველა საჭირო დოკუმენტაცია მზად იყოს. აქვე მინდა, შევთავაზო ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც კი მსგავსი კომპლექსის მშენებლობის სურვილი აქვს, აუქციონში მონაწილეობა მიიღონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები