პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე - საქართველო რეალური საფრთხის წინაშე დგას, ჩვენ გვაქვს ორი არჩევანი - იზოლაცია ან განვითარება

21.02.20 11:30


სტრატეგია "აღმაშენებლის" ფარგლებში, "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ქუთაისში სტუდენტებსა და პროფესორ- მასწავლებლებს შეხვდა, სადაც ქუთაისის რეგიონში არსებულ პრობლემებზე და მათი გამოსწორების გზებზე ისაუბრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია „ახალი საქართველოდან“ აცნობეს.

ვაშაძის განცხადებით, სიღარიბისა და დემოგრაფიის პრობლემები ქვეყანაში დღითიდღე მატულობს, საქართველო უკიდურესად მძიმე საგარეო პრობლემების ზღვარზე დგას და შესაძლოა დასავლური სამყაროსგან იზოლაციაში მოექცეს.

„საქართველოში ბევრი პრობლემაა, რომელსაც გვინდა ვუშველოთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ საქართველო პირველად თავისი ისტორიის მანძილზე რეალურად საფრთხის წინაშე დადგა. ჩვენ შეიძლება დასავლური სამყაროსგან იზოლაციაში მოვექცეთ. აშშ–ს, ევროკავშირს და საერთოდ არავის არ სჭირდება საქართველო, რომელიც უარს ამბობს დემოკრატიულ განვითარებაზე. რა გზავნილებიც ჩვენ მივიღეთ, ეს მართლაც შემაშფოთებელი იყო. პირდაპირი საუბარი იმაზე, რომ აღარ იქნება მხარდაჭერა თუ ასე გაგრძელდა ყველაფერი ქვეყანაში. ჩვენ უბრალოდ აღარ გვექნება აშშ–ს,როგორც მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქვეყნის მხარდაჭერა.

ეს ნიშნავს, რომ წლევანდელი წელი საქართველოსთვის არის მართლაც ძალიან გადამწყვეტი წელი. ჩვენ გვაქვს ორი არჩევანი– იზოლაცია ან განვითარება. იზოლაციის შემთხვევაში ის გაჭირვება, რაც დღეს არის ქვეყანაში შეიძლება მონაგონი იყოს და გაცილებით უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდეთ. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ციფრები ამბობს: ყოველწლიურად საქართველოში ადამიანები ღარიბდებან, დემოგრაფული პრობლემები უფრო და უფრო მეტია, ხალხი ტოვებს ქვეყანას. ქუთაისი ამის ნათელი მაგალითია. ბოლო მონაცემებით, ოფიციალურად ქუთაისში ცხოვრობს 137 000 ადამიანი. არ არსებობს ქალაქი, რომლის მოსახლეობაც გაიზარდა, ერთადერთი ქალაქი თბილისია, მაგრამ უმუშევრობა ძალიან მაღალია. 35%–ით შემცირდა ჯავშნების რაოდენობა Booking.com–ზე, სამწუხაროა, მაგრამ შეიძლება იგივე მომავალი იყოს საქართველოს დანარჩენ რაიონებშიც, რადგან თბილისი გარკვეულ ტრენდს აძლევს და შემდეგ ეს ვარდნა გადადის რეგიონებზე. სამ პრობლემას გამოყოფ: ჩვენ ვართ უკიდურესად მძიმე საგარეო პრობლემების ზღვარზე, როცა შეიძლება დასავლეთმა უბრალოდ ჩათვალოს, რომ ამ ქართველებს არ შეუძლიათ ნორმალური, დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება. მე ვფიქრობ, რომ ქვეყანაში არის ძალიან მძიმე ვითარება, ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე, როგორ ვიქნებით მობილიზებული და რას გავაკეთებთ.

სტრატეგია „აღმაშენებელი“ – ეს არის ქვეყნის განვითარების გეგმა,რომლის რეალიზებაც უნდა მოხდეს. თუ ეს ყველაფერი ფურცელზე დარჩა ძალიან სამწუხარო იქნება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები