პოლიტიკა

„სამხრეთ გაზის დერეფნის“ პროექტში საქართველო სტრატეგიული პარტნიორია

18.05.16 15:05


საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის ევროპის ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიკაციის ერთგულია და მხარს უჭერს სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფანთან დაკავშირებულ არსებულ და სამომავლო პროექტებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტრანს-ადრიატიკის მილსადენის მშენებლობის დაწყების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში დღეს საფუძველი ჩაეყარა ტრანს-ადრიატიკის (TAP) 800 კილომეტრიანი მილსადენის მშენებლობის დაწყებას.

კასპიის ზღვაში შაჰ დენიზის საბადოს მეორე ფაზის განვითარების ფარგლებში შაჰ დენიზის კონსორციუმის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს „სამხრეთ გაზის დერეფნის“ პროექტის განხორციელებას, რაც გულისხმობს ბუნებრივი აირის იტალიაში ტრანსპორტირების მარშუტის შერჩევას საბერძნეთიდან, ალბანეთისა და ადრიატიკის ზღვის გავლით მიდის სამხრეთ იტალიამდე. პროექტის მთლიანი ღირებულება 45 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო მილსადენის სიგრძე 3 460 კმ-ია.

ტრანს-ადრიატიკული მილსადენი (TAP) წარმოადგენს აღნიშნული ტრანსპორტირების მარშუტის ნაწილს საბერძნეთიდან ალბანეთისა და ადრიატიკის ზღვის გავლით - სამხრეთ იტალიამდე. მისი სიგრძე 870 კმ-ია, ხოლო გამტარუნარიანობა 10-დან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე.

„სამხრეთ გაზის დერეფნის“ პროექტში საქართველო სტრატეგიული პარტნიორია. შაჰ დენიზის პროექტის მე-2 ფაზის ფარგლებში საქართველოში „სამხრეთ კავკასიური მილსადენის“ გაფართოების სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, რაზეც 2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება, საიდანაც 400 მლნ აშშ დოლარის მომსახურებისა და საქონლის შეძენა უშუალოდ საქართველოში ხდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ მილის გამტარუნარიანობა არსებული 6მლრდ-დან - 16 მლრდ კუბური მეტრით გაიზრდება. სახმრეთ კავკასიური მილსადენის სიგრძე 690 კმ-ია.

სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტი მშენებლობის სხვადასხვა ეტაპებზე 2000 ადამიანს ასაქმებს, ხოლო დასრულების შემდეგ 130 სამუშაო ადგილს შექმნის. აღნიშნული მილსადენით, ბუნებრივი აირის გაზრდილი მოცულობების ტრანზიტი 2019 წლიდან დაიწყება, ხოლო 2020 წლიდან საქართველო ტრანზიტის საფასურად ყოველწლიურად დაახლოებით 1 მილიარდამდე კუბურ მეტრ გაზს მიიღებს.

“თავისი მარშრუტის გაყოლებაზე, ტრანს-ადრიატიკის გაზსადენს შეუერთდება სხვა არსებული და დაგეგმილი მილსადენები, რის შედეგადაც ენერგორესურსების ბაზრები ხელმისაწვდომი გახდება სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნისთვის. ეს კი შესაძლებელს გახდის კასპიის ზღვის რეგიონის გაზის მიწოდებას სამხრეთ-აღმოსავლეთ, ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში. ამავე დროს, ეს იქნება მომავალში სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნის შემდგომი გაფართოების და თურქმენეთისა და რეგიონში სხვა მიმწოდებელთა მხრიდან ბუნებრივი აირის რესურსების მოზიდვის კარგი შესაძლებლობა,” - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრმა საქართველოს სატრანზიტო როლზე გაამახვილა ყურადღება. მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი სატრანზიტო პარტნიორია.

„ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ სანდო პარტნიორი ქვეყანა ამ სატრანზიტო დერეფნის ფარგლებში. ბუნებრივი აირის მიმწოდებელი და მომხმარებელი ქვეყნების ინტერესების გადაკვეთაზე მდებარეობის წყალობით, საქართველო არის სამხრეთის დერეფნის განუყოფელი ნაწილი. ბოლო წლების განმავლობაში პირველი ნაბიჯები სამხრეთის აირის წარმატებისკენ გადაიდგა სწორედ მაშინ, როცა საქართველომ და აზერბაიჯანმა, თურქეთთან ერთად და დასავლელი მოკავშირეების მხარდაჭერით, ჩამოაყალიბეს წარმატებული პარტნიორობა და დაამყარეს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში. ამის დასტურია, მაგალითად, ისიც, რომ ამ პროექტის წყალობით, დაახლოებით 30 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება პროექტის მონაწილე ქვეყნებში,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო უპირობო მხარდაჭერას უცხადებს სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნის გაფართოებას და მზად არის მონაწილეობა მიიღოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში.

ტრანს-ადრიატიკული მილსადენის მშენებლობა ენერგოუსაფრთხოებისკენ წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს პროექტში მონაწილე სხვა ქვეყნების ლიდერებმაც. მათ იმედი გამოთქვეს, რომ პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, დასაქმებას, ეკონომიკურ განვითარებასა და რეგიონის სტაბილურობას.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები