ეკონომიკა

ნათია თურნავა ტრასეკას ახალ გენერალურ მდივანს შეხვდა

24.02.20 17:20


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ევროპა - კავკასია - აზიის სატრანსპორტო დერეფნის (ტრასეკა) პროგრამის ახალ გენერალურ მდივანს ასეტ ასავბაევს შეხვდა.

აღნიშნული პროგრამა მიმართულია აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისკენ, რომელიც სათავეს იღებს ევროპაში და სამხრეთ კავკასიის გავლით ცენტრალური აზიისკენ მიემართება. შეხვედრას ასევე დაესწრო მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი.

შეხვედრაზე მხარეებმა ტრასეკას პროგრამის ფარგლებში საქართველოს მონაწილეობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ნათია თურნავამ ტრასეკას ახალ გენერალ მდივანს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ეკონომიკური ტენდენციების, მიმდინარე და დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმების, ასევე იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო საქართველოს სატრანსპორტო - ლოგისტიკური შესაძლებლობების გაზრდის მიმართულებით.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, როგორიცაა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, ასევე საპორტო შესაძლებლობების გაზრდისკენ მიმართული პროექტები. ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნული პროექტების დასრულებისა და ამოქმედების შემდეგ საქართველოს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, ასევე ამაღლდება გადაზიდვების უსაფრთხოება.

განსაკუთრებული აქცენტი საკონტეინერო გადაზიდვების გაზრდილ მაჩვენებელზე გაკეთდა. კერძოდ, 2019 წელს საქართველოს პორტები მოემსახურნენ კონტეინერების რეკორდულ მაჩვენებელს - 647 816 ტეუ - ს, რაც 2018 წელთან შედარებით 42%-ით მეტია. აღნიშნული ტენდენცია 2020 წელსაც შენარჩუნდა. ამასთან, გაიზარდა საქართველოს რკინიგზის მეშვეობით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობაც და მატებამ წინა წელთან შედარებით 39% შეადგინა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილა საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სატრანსპორტო კორიდორის გაციფრულების პროექტზე, რომელიც ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნულის პროექტის განხორციელებით მნიშვნელოვნად გაიზრდება დერეფნის კონკურენტუნარიანობა და მიმზიდველობა, რომელიც ჩინეთსა და ევროპას ცენტრალური აზიისა და კავკასიის გავლით ერთმანეთს დააკავშირებს. მხარეები აღნიშნული დერეფნის განვითარების პროცესში თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

„ტრასეკას“ პროგრამაში ჩართულია საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ირანი, უკრაინა, მოლდოვა, თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი.



წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები