პოლიტიკა

დავით ზალკალიანი გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშს შეხვდა

25.02.20 10:15


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს შეხვდა. შეხვედრა ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიის ფარგლებში შედგა.

გაერო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებას და გაერო-ს ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე, რაც ართულებს ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობას, მათ შორის ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციის ფაქტებზე, კერძოდ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვაზე, გადასასვლელები პუნქტების დახურვის, ადამიანების გატაცების ფაქტებსა და სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევებზე სათანადო მართლმსაჯულების განხორციელების აუცილებლობაზე.

ხაზი გაესვა აღნიშნული თემების და ზოგადად რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გაერო-ს უმაღლეს დღის წესრიგში შენარჩუნების აუცილებლობას. აღინიშნა გაერო-ს განსაკუთრებული როლი კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების და ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტიანი მიმდინარეობის პროცესში.

საუბარი შეეხო მათ შორის მოლაპარაკებათა მომდევნო რაუნდს და აღინიშნა ამ რაუნდზე კონფლიქტის რეგიონსა და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისთვის გადაადგილების არსებული პრობლემის მოგვარების გზებზე მსჯელობის აუცილებლობა. შეხვედრაზე ასევე დადებითი შეფასება მიეცა გაერო-ს ფარგლებში საქართველოსთან დაკავშირებით ყოველწლიური რეზოლუციების არსებობის პრაქტიკას და გაერო-ს გენერალური მდივნის ანგარიშს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობის შესახებ.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა გამოთქვა მზაობა ორგანიზაციამ საკუთარი მანდატის ფარგლებში ეფექტიანი როლი ითამაშოს ცალკეული საკითხების მოგვარებაში.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები