საზოგადოება

ნარჩენებით გარემოს დაბინძურებაზე სანქციები გაიზრდება

25.02.20 13:00


ნარჩენებით გარემოს დანაგვიანებაზე სანქციები გაიზრდება. ცვლილებას „ნარჩენების მართვის კოდექსი“ ითვალისწინებს, რომლის ინიციატორები და ავტორები დეპუტატები სულხან მახათაძე და გოგა გულორდავა არიან.

როგორც კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, მიუხედავად არსებული ჯარიმებისა, ფიზიკური და იურიდიული პირები მაინც ანაგვიანებენ გარემოს სხვადასხვა ტიპის ნარჩენით.

„ფაქტია, რომ მათთვის კანონით დაწესებული ჯარიმები არ არის სამართალდარღვევების ჩადენისგან შემაკავებელი ფაქტორი. არსებული რეგულაციების ფონზე, დამრღვევი პირები არ ერიდებიან დადგენილ ჯარიმებს. ამ პრობლების აღმოფხვრის ეფექტური გზა კი დაწესებული ჯარიმების გონივრულ რაოდენობამდე გაზრდაა“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტით, სახლიდან და სხვა შენობა-ნაგებობიდან ნარჩენების გადმოყრაზე ჯარიმა 100 ლარის ნაცვლად 200 ლარის განისაზღვრება.

ავტოსატრანსპოტო საშუალებიდან გადმოგდებული ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის დამრღვევი 120 ლარის ნაცვლად 250 ლარით დაჯარიმდება.

5 ერთეულამდე საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 150 ლარის ნაცვლად 500 ლარის ოდენობით.

5 ერთეული ან 5 ერთეულზე მეტი საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ნაცვლად, გაოთხმაგებული 2 000 ლარის ოდენობით.

ბასრი ან მჩხვლეტავი საგნით, მათ შორის შუშის ნამსხვრევის, ლურსმნის ან სხვა მსგავსი საგნის ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის სამართალდამრღვევი პირი 100 ლარის ნაცვლად 500 ლარით დაჯარიმდება.

2კგ ან მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკური პირებისთვის განსაზღვრული 150 ლარიანი ჯარიმა 500 ლარამდე გაიზრდება, ხოლო იურიდიული პირისთვის 1000 ლარიანი ჯარიმა 1500 ლარამდე გაიზრდება.

დიდი მოცულობის ნარჩენით (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო- ან ელექტროტექნიკური დანადგარის, სამშენებლო დანადგარის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის) გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს დაეკისრებათ გათვალისწინებულზე 4-ჯერ მეტი ჯარიმა - ფიზიკურ პირს - 2000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიულ პირს - 6000 ლარის ოდენობით.

კანონპროექტი ახალი სანქციების დაწესებასაც ითვალისწინებს.

სანქციები დაწესდება ნარჩენების შეგროვების კონტეინერში ნარჩენების არადანიშნულებისამებ მოთავსებისათვის.

აღნიშნული ცვლილებით ნარჩენების წარმომქმნელებს აეკრძალებათ კონკრეტულად რომელიმე სახეობის ნარჩენებისათვის გამოყოფილ სათავსში სხვა სახის ნარჩენების განთავსება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს შემდგომში ნარჩენების სეპარირების პროცესის დანერგვას ქვეყანაში.

ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირისათვის შეადგენს 200 ლარს, ხოლო იურიდიული პირისათვის 1000 ლარს. ამასთანავე, ამ ცვლილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ გავრცელდება იმ დასახლებულ ტერიტორიებზე, სადაც არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სისტემა.

ჯარიმები გაიზრდება სამშენებლო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანებაზე.

კერძოდ, ერთ კუბურ მეტრამდე სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ნაცვლად 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიულ პირის დაჯარიმებას 500 ლარის ნაცვლად 2 000 ლარის ოდენობით.

თუ ამ ტიპის ნარჩენი ათ კუბურ მეტრამდეა, მაშინ ფიზიკური პირი დაჯარიმდება 500 ლარის ნაცვლად 1500 ლარის ოდენობის ჯარიმით, იურიდიული პირის შემთხვევაში კი დადგენილი ჯარიმა შეადგენს 1500 ლარის ნაცვლად 3000 ლარს ოდენობით.

„ მოცემული ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირებისთვის გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა, როგორც ნათელია, სამმაგდება, განსხვავებით იურიდიული პირებისთვის დაწესებული გაორმაგებული ჯარიმისა. ამგვარი მოწესრიგება კი განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ამ ტიპის სამართალდარღვევას უფრო მეტად ფიზიკური პირები ჩადიან, მათი მხრიდან დარღვევის სიხშირე მეტია, სწორედ ამიტომ მიზანშეწონილია სანქციის ამ ოდენობით გაზრდა ფიზიკური პირებისთვის“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები