პოლიტიკა

გიგა ბოკერია - მოლაპარაკების მაგიდასთან გონივრული კომპრომისის შემთხვევაში დავსხდებით

25.02.20 13:20


„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციამ მმართველ პარტიას რამდენიმე კომპრომისული ვარიანტი შესთავაზა.

თუმცა, ბოკერიას თქმით, მმართველმა გუნდმა მოლაპარაკებები ჩაშალა და პოლიტიკური რეპრესიები გააგრძელა.

„იგივე განცხადება გვესმის, შეუძლიათ ჩანაწერი გაუშვან ხოლმე, რა იცვლება ამით. ჩვენ რამდენიმე კომპრომისული წინადადება ვუთხარით.

ბოლო წინადადება იყო, რომ ისეთი ბალანსი იყოს, 40 პროცენტზე არსებითად მეტი ჰქონდეს ნებისმიერ პირველ ადგილზე გასულ პარტიას, რათა უმრავლესობის შანსი ჰქონდეს. ეს წინადადება მიიღეს და ამის შემდეგ ჩაშალეს მოლაპარაკებები, თქვეს, რომ არაფერი გვაინტერესებსო და გააგრძელეს პოლიტიკური რეპრესიები, დაიჭირეს გიგი უგულავა. არ მაქვს ჯერჯერობით ნიშნები, რომ გონს მოეგნენ. თუ გვექნება ეს ნიშნები, ძალიან კარგი“ ,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ბოკერიამ კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რა შემთხვევაში დაუბრუნდებიან მოლაპარაკების მაგიდას.

„რა შემთხვევაში დავსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან ყველამ იცის – ეს არის გონივრული კომპრომისი იმაზე, რასაც ივანიშვილი დაპირდა საზოგადოებას დაღვრილი სისხლის შემდეგ, თანაც მკაფიოდ და რაც არის საზოგადოების დაკვეთა – არჩევნების პროპორციულობა, ამ ხელისუფლების ანგარიშვალდებულება და მეორე, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური რეპრესიების შეჩერება, რომ შედარებით ნორმალურ ატმოსფეროში ჩაიაროს არჩევნებმა, რომელშიც ისინი დამარცხდებიან და უნდა შეეგუონ მარცხს. თუ არანორმალური ატმოსფერო იქნა, მაშინაც დამარცხდებიან და კიდევ უფრო დრამატული იქნება მათი მარცხი. რა არის მოსალაპარაკებელი? ყველაფერი ცნობილია. ანუ, სწორად უნდა გავიგოთ – თუ რამე გადაწყვეტილება აქვთ, საჯაროდ ან არასაჯაროდ ამის შეტყობინების უამრავი გზა არსებობს და ახლა ჩაიციკლნენ, რომ ჩვენ მოლაპარაკებისთვის მზად ვართ, ამას ვინ ჭამს.

მოლაპარაკებები რომ სდომოდათ, გონივრული კომპრომისის უამრავი შესაძლებლობა ჰქონდათ და რეპრესიები არ უნდა დაეწყოთ. უგულავა ხომ იმიტომ დაიჭირეს, რომ მოლაპარაკებები არ უნდათ და ბრიყვული ილუზია აქვს ივანიშვილს, რომ ხალხის გადაგდების პირობებში რეპრესიებით დააშინებს პროტესტს, შეინარჩუნებს ძალაუფლებას. ეს პირდაპირ კავშირშია მასთან. თუ გარე და შიგნით საზოგადოების წნეხის შედეგად მოხდა ასეთი კარგი რამ, რომ ივანიშვილი (ისაა ყველაფერი, დანარჩენები ყველანი მასხარები არიან) მოეგო გონს, ჩვენ მზად ვართ, მოქნილები ვიყოთ, რათა ნორმალური მდგომარეობა იყოს. ჩვენი თვითმიზანი არ არის კონფრონტაცია, მისი დამარცხებაა ქვეყნის ეროვნული ამოცანა და რაც უფრო ნორმალურ ვითარებაში მოხდება ეს, მით უფრო ნაკლები ზიანი მიადგება ქვეყანას“ ,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები