საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

27.02.20 10:30


საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან 25 თებერვალს შემოვიდა.

მინისტრის განცხადებით, პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საბაჟოდან პირდაპირ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში და მას საქართველოს სხვა მოქალაქეებთან არანაირი კომუნიკაცია და შემხებლობა არ ჰქონია.

"სულ რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ ლუგარის ლაბორატორიიდან ინფორმაცია, რომ საქართველოში დაფიქსირდა კორონა ვირუსის პირველი შემთხვევა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გუშინ შემოვიდა აზერბაიჯანის გავლით ირანიდან. ის გადაყვანილი იქნა ინფექციურ საავადმყოფოში. მსურს მოგახსენოთ, რომ საბაჟო ზოლზე შემოწმდა მოქალაქე, ჩვენი მესაზღვრეების მიერ, რომელიც იმყოფებოდნენ სრულიად ეკიპირებულები, ვინაიდან მათი ჯანმრთელობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ისინი ასრულებენ ჩვენს მიერ მიწოდებულ ყველა დავალებას. ეს ამცირებს მათი დაავადების რისკს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ ახლა ვახორციელებთ ამ მებაჟეების კონტროლსაც და ისინიც გადაყვანილი იქნებიან საკარანტინო სივრცეში",- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პაციენტი მოთავსებულია ინფექციურ საავადმყოფოში და მის ჯანმრთელობას საფრთხე, ამ ეტაპზე, არ ემუქრება.

"მე მინდა დავამშვიდო საქართველოს მოქალაქეები, ჩვენ არ გვაქვს პანიკის რისკი, ვინაიდან ჩვენი მთავრობა ყველაფერს ახორციელებს და მივმართავთ ყველა ზომას, რომ საქართველოში არ გვქონდეს კორონავირუსის ეპიდემია.

რამდენიმე წუთის წინ დავასრულეთ პრემიერთან საგანგებო საბჭოს შეხვედრა, სადაც მივიღეთ დამატებითი გადაწყვეტილებები. ამ ეტაპისთვის ჩვენ გვაქვს საკმარისი საკარანტინე სივრცეები, ისევე როგორც სათანადოდ აღჭურვილი და მომზადებული საავადმყოფოს სივრცეები",- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრთან შევხედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ირანში მიმოსვლა 2 კვირით შეიზღუდება, როგორც ირანის, ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები