პოლიტიკა

ყაზახეთში საქართველოს ელჩი ზურაბ აბაშიძე ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

27.02.20 11:00


2020 წლის 23-25 თებერვალს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთის რესპუბლიკაში, ზურაბ აბაშიძე ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკას ეწვია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ელჩმა 24 თებერვალს ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჩინგიზ აიდარბეკოვთან შეხვედრა გამართა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, საუბრისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის მიმდინარე აქტიური პოლიტიკური დიალოგი. ხაზი გაესვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობისა და ურთიერთმხარდაჭერის განმტკიცების მნიშვნელობას.

სამინისტროს ცნობით, დადებითად შეფასდა საქართველოსა და ყირგიზეთს შორის 2019 წელს დაფიქსირებული სავაჭრო ბრუნვის ზრდა და აღინიშნა, რომ არსებობს სოლიდური პოტენციალი ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის.

„შეხვედრაზე განიხილეს 2020 წლის განმავლობაში განსახორციელებელი ერთობლივი ღონისძიებების გეგმა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზების საკითხს.

გარდა ამისა, შეხვედრაზე განიხილეს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში მიმდინარე პროცესები. ხაზი გაესვა რეგიონული და გლობალური მნიშვნელობის პროექტებში ერთობლივი მონაწილეობის მნიშვნელობას.

ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა მისი ქვეყნის ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის შესახებ“, - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები