პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: აშშ, ევროკავშირი მხარს უჭერს დიალოგს, ჩვენ ვართ ერთ პოზიციაზე, რომ საჭიროა შეთანხმება

27.02.20 11:30


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან დიალოგის აღდგენის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ ჰგონია წინადადებას ოპოზიცია კატეგორიულად არ ეთანხმებოდეს.

არჩილ თალაკვაძის თქმით, რაც მოლაპარაკებების მაგიდაზე დევს სამართლიანი და პრაგმატულია. თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა მოლაპარაკებების მედიატორ, ევროკავშირისა და ამერიკის საელჩოებს.

„ჩვენ ვართ საუზმეზე ევროკავშირის ელჩთან. რამდენიმე დღის წინ ამერიკის საელჩომ უმასპინძლა ვახშამს, სადაც შევიკრიბეთ. არის ქვეყანა, არის სახელმწიფო ინტერესები, პოლიტიკურ პარტიებს აქვთ თავიანთი ინტერესები, მაგრამ საჭიროა, რომ შევიკრიბოთ, ვისაუბრო, ამას ემსახურება ეს შეხვედრები.

მინდა ევროკავშირის და ამერიკის საელჩოებს მადლობა გადავუხადო, რომ დიალოგის ფასილიტაციას ახდენენ. ზრუნავენ იმაზე, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი იყოს. ხელისუფლება, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი მხარს უჭერს დიალოგს. ჩვენ ვართ ერთ პოზიციაზე, რომ საჭიროა შეთანხმება.

რაც შეეხება ოპოზიციას, მჯერა და იმედს ვიტოვებ, რომ ისინი უახლოეს დღეებში დაუბრუნდებიან დიალოგის მაგიდას და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმებას შევძლებთ. პრაქტიკულად, ის წინადადება, რაც დევს მოლაპრაკებების მაგიდაზე, არის პრაგმატული, კომპრომისული და სამართლიანი. არა მგონია, რომ ამ წინადადებას ოპოზიცია კატეგორიულად არ ეთანხმებოდეს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

25 თებერვალს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, ელიზაბეთ რუდმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ვახშამზე უმასპინძლა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში.

ხელისუფლებამ ოპონენტებს შერეული საარჩევნო მოდელი 100/50 2019 წლის დეკემბერში შესთავაზა. ეს საარჩევნო მოდელი გულისხმობს პროპორციული წესით 100 დეპუტატის არჩევას, ნაცვლად 77-ისა, ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-მდე შემცირდება.

იმ შემთხვევაში, თუ პოზიციები არ შეიცვლება, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მოქმედი მოდელით ჩატარდება: 77 პროპორციული და 73 მაჟორიტარული.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები