საზოგადოება

სასამართლომ ანას ბაღთან მშენებლობა შეაჩერა – აქტივისტები

27.02.20 13:40


თბილისის საქალაქო სასამრთლომ მიიღო გადაწყვეტილება „ანას ბაღთან“ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის შეჩერების შესახებ, — წერენ აქტივისტები, ვინც მშენებლობას ეწინააღმდეგებიან.

როგორც „ნეტგაზეთს“ პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ადგილობრივმა გიორგი ფხალაძემ უთხრა, სასამართლომ გამოიტანა განჩინება სამშენებლო სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერებაზე [სასამართლოში საქმის განხილვის დასრულებამდე]. განჩინების ტექსტი ცოტა ხანში გამოქვეყნდება.

გიორგი ფხალაძის თქმით, აქტივისტები მერიასთან შეიკრიბებიან 2 საათზე, რათა მოითხოვონ, რომ მერიამ სასამართლოს განჩინების შესაბამისი გადაწყვეტილება მალე გამოსცეს.

მისი თქმით, მშენებლობის ნებართვა მერიის გაცემულია და სწორედ ის არის პასუხისმგებელი სამშენებლო პროცესის ზედამხედველობაზე, შესაბამისად, მერიამ უნდა გასცეს მშენებლობის შეჩერების ბრძანება.

მისი თქმით, საჩივარი სასამართლოში 21 თებერვალს შეიტანეს. „ეს არის დიდი გამარჯვება“, – წერს საორგანიზაციო ჯგუფი ფეისბუკზე.

ვარკეთილში მცხოვრები მოქალაქეების ჯგუფი, სხვა აქტივისტებთან ერთად, უკვე დიდი ხანია, მათ მეზობლად არსებული „ანას ბაღის“ გადასარჩენად აქციებს მართავს. ტერიტორიაზე დაწესებული იყო მორიგეობა, რათა მომიჯნავედ კორპუსის აშენება ვერ მოხერხდეს.

„ანას ბაღი“ ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2 მიკრორაიონის კორპუსებს შორის მდებარეობს. სკვერს ეს სახელი ერთ-ერთი მეზობლის გარდაცვლილი შვილიშვილის პატივსაცემად დაარქვეს და უკვე 3 წელია, რაც მოსახლეობა მას მშენებლობისგან იცავს.

სამეზობლო ყვება, რომ სკვერის მომიჯნავედ მიწის ნაკვეთი 2016 წელს გასხვისდა, 2018 წელს კი ტერიტორიაზე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობაზე თბილისის არქიტექტურის სამსსახურმა ნებართვა გასცა.

მერია და კომპანია ირწმუნებიან, რომ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობით სკვერს საფრთხე არ შეექმნება.

სამეზობლოს წევრებს ამ განცხადებების არ სჯერათ. მათ თქმით, თუ სკვერის წინ მრავალბინიანი კორპუსი აშენდება, სკვერი „ბეტონის მარწუხებში“ მოექცევა და განადგურდება.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები