პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე - არსებობს სხვადასხვა ვერსია, როგორც 110/40-ზე, ასევე 120/30-ზე და 130/20-ზე

27.02.20 16:00


„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემაზე, რითაც 2020-ის საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ პარტიას მინიმუმ 40% მაინც ჰქონდეს მხარდაჭერა მთავრობის დასაკომპლექტებლად.

ბურჯანაძის განმარტებით, ამ 40%-ის ფარგლებში არსებობს სხვადასხვა ვერსიები, როგორც 110/40-ზე, ასევე 120/30-ზე, ასევე 130/20-ზე.

„ჯერ საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის. საუბარი იყო პრობლემის შესაძლო მოგვარების ვარიანტებზე. განვიხილეთ რამდენიმე ვერსია.

მთავარია, შეთანხმება არსებობს, რომ პარტიამ მინიმუმ 40% უნდა მიიღოს იმისთვის, რომ მას ჰქონდეს შესაძლებლობა მთავრობა დააკომპლექტოს. ეს თავისთავად სწორი წინადადებაა, რომელიც თავის დროზე იყო გახმოვანებული და ახლა მსჯელობაა. კონკრეტული ციფრები, კონკრეტული ფორმულები, განხილვები ჯერ კიდევ წინ არის. ჯერჯერობით იყო მოთელვა იმ ვარიანტების, რაზეც საბოლოო შეთანხმება უნდა მოხდეს.

ვერსიები არის სხვადასხვა, მთავარი პრინციპი არის 40%, ამ 40%-ის ფარგლებში არსებობს სხვადასხვა ვერსიები, როგორც 110/40-ზე, ასევე 120/30-ზე, ასევე 130/20-ზე. ეს სხვადასხვა ვარიანტია. მთავარია, ჩადებული იყოს ისეთი მექანიზმები, რომ პარტიამ ვერ შეძლოს მთავრობის დამოუკიდებლად დაკომპლექტება, თუ მას მოსახლეობის 40% მაინც მხარს არ უჭერს და მეორე - იყოს პროპორციულთან მიახლოებული ის ციფრები, რომელიც საბოლოოდ იქნება შეჯერებული. ასევე უნდა იყოს გარკვეული მექანიზმები ჩადებული, რომ არ იქნას ბოროტად გამოყენებული ადმინისტრაციული, სახელისუფლებო ან სხვა რესურსები, მაქსიმალურად იყოს გამჭვირვალე და ისეთი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ნორმალური არჩევნების ჩატარებას“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძე ვერ აკონკრეტებს, გადავა თუ არა შეხვედრა ფორმალურ ვითარებაში.

ამასთან, ოპოზიციური პარტიის ლიდერი ამბობს, რომ თუ მომავალ კვირაში კანონპროექტის ინიცირება არ მოხდა, მისი მიღება ვერ მოესწრება.

„თუმცა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ისიც, რომ წინასწარი მოლაპარაკება იყოს ინიცირებასთან დაკავშირებით და შემდგომ კანონპროექტის განხილვის წესი, რეგლამენტი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მთელი რიგი დეტალები შემდეგ დაზუსტდეს საპარლამენტო განხილვის პროცესში.

მაგრამ გვჭირდება გარანტიები, რომ თუ შეთანხმება მოხერხდება, ეს შემდგომ არ დაირღვეს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ამასთან, ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ პოლიტიკური რეპრესიების თემები ყოველთვის არის განხილვის საგანი.

„იმისთვის, რომ არჩევნები ნორმალურ გარემოში ჩატარდეს, ამისთვის საჭიროა არა მხოლოდ პროპორციული ან პროპორციულთან მიახლოებული სისტემის მიღება, არამედ ისიც, რომ ადამიანებს, რომლებიც კამპანიაში არიან ჩართულნი, არ ჰქონდეთ შიში, რომ დღეს ან ხვალ მათ ციხეში გაუშვებენ, რადგან ისინი პოლიტიკურად აქტიურები არიან. ბუნებრივია, იგულისხმება იმ ადამიანის საკითხიც, ვინც ამ ეტაპზე პოლიტპატიმრად ითვლება“, - განაცხადა ბურჯანაძემ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები