ბონდო არველაძე ქართული ეკლესიები საქართველოსა და სომხეთში ნაწილი VII თავი I

29.08.16 17:45


თბილისის კლდისუბნის ეკლესია
თბილისის კლდისუბნის წმ. გიორგის ეკლესია მდებარეობს ქალაქის ერთ-ერთ უძველეს უბანში, კალას ტერიტორიაზე დედაციხის წმ. ნიკოლოზისა და ზემო ბეთლემის ეკლესიებს შორის. ბეთლემის ქ. 7

კლდისუბნის წმ. გიორგის ეკლესიის შესახებ შემონახულია შემდეგი წერილობითი წყაროები: ეგ. იოსელიანის ცნობით ,,ეს ეკლესია 1600 წელს საკუთარი ხარჯით აუშენებია ვინმე სომეხ ბერს“.

მოსე ჯანაშვილი კლდისუბნის წმ. გიორგის ეკლესიას სომხური სახელწოდებით მოიხსენიებს . ,,ქარაფინ სურბ გევორქ“ ( ქართულად არის: კლდის წმ. გიორგის ეკლესია) აშენების თარიღი მითითებული არ აქვს.

დ. კარჭიშვილის მიხედვით, კლდისუბნის წმ. გიორგის ეკლესია ,,თბილისის სამხრეთივე კლდის უბნის წმ. გიორგის ეკლესია კლდესა ზედა აღშენებულ არს, ეკლესია მცირე მცირესავე გუმბათით, კეთილ და მშვენიერ სახილველი, სადაც სასწაულმოქმედი ნაწილი ასვენია წმინდისა გიორგის ეკლესია ესე აღშენებულ არს წელს 1600 საკუთრითა თვისითა მწირისა ვისმე სომეხ ბერისაგან, რომელიც აწ კრამიტით დახურვილი და იწოდების კლდის ეკლესიათ.

დ.კარჭიშვილი იქვე შენიშნავს-ამ ეკლესიის ქტიტორებად შიმოვანოვორებსაც მიიჩნევენ, რომელნიც თავადად აბილმელიქოვებად იწოდებიან.

სამწუხაროდ, არც მას აქვს დასახელებული წყარო. ლ. მელიქსეთ- ბეგმა ხსენებული ცნობა დ.კარიჭაშვილის არქივში, შავ მასალებში ნახა და ყოველგვარი კრიტიკული განხილვის და შემოწმების გარეშე გამოაქვეყნა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ დ. კარიჭაშვილი თითქმის იმეორებს ეგ.იოსელიანის ცნობას.

პროფ. მ.ძნელაძე აღნიშნავს კლდის უბნის წმ.გიორგის ეკლესიის შესახებ ყველაზე ადრინდელი ცნობა აქვს ვახუშტი ბაგრატიონს. მის შედგენილ თბილისის გეგმაზე ( 1735) მკაფიოდ ჩანს კლდის უბნის ბაზილიკის ტიპის მცირე ეკლესია, რომლის დასავლეთ მხარეს სამრეკლო ჩანს. სარკმლის მაღლა ჩასმულია ორენოვანი ქართული და სომხური წარწერა, რომელიც გვამცნობს ამ ეკლესიის აღმშენებლობის და განახლების თარიღს . ,,ქრონიკონსა ,,უმა’’ ( 1441), 1753. შემდეგ გამოთქვამს საყურადღებო მოსაზრებას - ვახუშტის დროს 1735 წლისათვის ეს ეკლესია ქართულ მართლმადიდებელ ეპარქიას ეკუთვნოდა, ამიტომ სომხურად არ მოიხსენიებსო.

თბილისის კლდის უბნის წმ.გიორგის შესახებ ქართული წყაროები და ცნობები ამით ამოიწურება.

ამ ეკლესიის ქართული წარწერა მ.ბროსემ 1756 წ დაათარიღა.

სომხურ წყაროებს რაც შეხება, პირველად სომეხმა ბერმა სარგის ჯალალიანცმა წაიკითხა და გამოცა კლდის უბნის წმ. გიორგის სომხური წარწერა. ქართული წარწერას ყურადღება არ მიაქცია და არც გამოაქვეყნა.

შემდეგი სომხური ცნობა მოცემულია თბილისის და მისის შემოგარენის სომხურ ეკლესიათა სიაში. მასში კლდისუბნის წმ. გიორგის ეკლესია მე-14 ნომრად არის შეტანილი. აქვე გაკვრით არის ნათქვამი სააღმშენებლო წარწერის შესახებ.

აღნიშნულია, აგრეთვე, ისიც, რომ ამ ეკლესიაში ინახება 1496 წელს სოფელ კაპარკანში (სომხეთი) გადაწერილი სომხური სახარება. ეს სახარება ვარაგის წმ. გიორგის ეკლესიას უჩუქებია თბილისის კლდისუბნის წმ.გიორგის ეკლესიისათვის 1728 წელს .

ამ ცნობას ახლავს პ.მურადიანის შემდეგი კომენატრი. ვარაგის წმ.გიორგის ეკლესიის ნაჩუქარმა სახარებამ 1753 წელს მოაღწია თბილისამდე და ბინა დაიდო ახლადშენებულ კლდისუბნის წმ.გიორგის ეკლესიაში.

აქვე მსურს აღვნიშნო, ეს კომენტარი უსაფუძვლოა, რადგან დაუჯერებელია ორ ათეულ წელზე მეტი დრო დაჭირდა ამ ხელნაწერის სომხური სახარების მოტანას თბილისამდე. ეჭვს აძლიერებს ისიც , რომ მურადიანს არ მოაქვს ამ ცნობის დამადასტურებელი სხვა წყარო. ამდენად, საფუძველი გვაქვს , ვიფიქროთ, რომ იგი ხსენებული სიის შემდგენლის მიერ ჩადენილი სიყალბეა და მეტი არაფერი.

პ.მურადიანის ,,მოღვაწეობის’’ მიზანი იყო ქართული სინამდვილის ნებისმიერ სფეროში ,,აღმოეჩინა’’ სომხური კვალი და შემდეგ გააზვიადებდა ისე წარმოაჩენდა, სომხები რომ არა ქართველებს არც ისტორია, არც მწერლობა და არც არქიტექტურა ექნებოდათ. ამის ერთ-ერთ ნიმუშად საკმაოა ისიც, რომ მცხეთის ჯვრის ტაძარი სომხურად გამოაცხადა. ეს ეცოტავა და ,,კლდისუბნი’’ სომხურიდან ქართულად ნათარგმნ ტოპონიმად მიიჩნია. მისი აზრით, ჯერ ერქვა სომხური -,,ქარაფი თაღი’’, რომელიც ქართულში გადავიდა ,,კლდის უბნად’’.

ამ ტოპონიმს არ შეიძლება ასეთი ტრანსფორმაცია განეცადა: უძველეს ქართულ წყაროებში იგი მოხსენიებულია -კლდის უბნად, რომელიც მკვიდრმა ქართულმა მოსახლეობამ კლდოვანი რელიეფის გამო შეარქვა. შემდეგ გვიან მოსულმა სომხებმა კლდის უბანი თარგმნეს სომხურად და უწოდეს - ქარაფი თაღ. (კლდე - ქარაფ , უბანი - თაღ ). ეს არის ამ სახელის განვითარების ბუნებრივი გზა.

როგორც პროფ. მ.ძნელაძე აღნიშნავს, ყველაზე ადრეული და სანდო წყარო არის ვახუშტი ბაგრატიონის მიერ შედგენილი თბილისის გეგმა ( 1735 წ), რომელზეც კლდისუბნის წმ.გიორგის ეკლერსია დატანილია და იქვე მოჩანს მისი სამრეკლო.

ცალკე სამრეკლო მხოლოდ ქართულ ეკლესიებს აქვთ სომხურ ეკლესიებში სამრეკლო შენობაშივეა , განცალკავებით არ არის. ეტყობა , მოგვიანებით კლდისუბნის წმ.გიორგის ეკლესია, სომხებმა ჩაიგდეს ხელთ და გადააკეთეს და სამრეკლოც სომხური საეკლესიო მშენებლობის კანონის მიხედვით ეკლესიას მიუშენეს.

აქედან დასკვნა კლდისუბნის წმ.გიორგის ეკლესია 1735 წელს (თუ უფრო ადრე არა) იყო ქართული. რაც შეეხება მოსე ჯანაშვილს და დავით კარიჭაშვილის აღნიშნულ ცნობებს, ისინი თითქმის იმეორებენ ეგ.იოსელიანის ცნობას, რომელსაც წყარო არ აქვს მითითებული. ამდენად მათი მიღება უეჭველი მეცნიერულ საბუთად შეუძლებელია.

გვსურს საგანგებოდ აღვნიშნოთ : პ.მურადიანს მოაქვს ასეთი ცნობა კლდის უბნის წმ.გიორგის ეკლესია თბილისის სომხურ საზოგადოებაში ცნობილი იყო ,,ხიხოი ჟამის ‘’ სახელით. მას არც წერილობითი და არც ზეპირი წყარო არ აქვს მთითებული და მისი მნიშვნელობა ახსნა-განმარტების გარეშე აქვს დატოვებული.

თბილისის წარსულს თუ გადავხედავთ ასეთი შერქმეული სახელი , მართლაც იყო გავრცელებული დედაქალაქის ქართულ მოსახლეობაში, „ხიხოს“ ეძახდნენ თბილისის მკვიდრი ქართველები დასავლეთ საქართველოდან ჩამოსულებს პროვინციულობის და კუთხური მეტყველების გამო. ეს (აქა-იქ ახლაც არის შემორჩენილი). სომხებთან ყოველდღიური კონტაქტის გამო ბუნებრივია ეს სახელი გადავიდა სომხურ მეტყველებაში. თუ რატომ შეარქვეს მაინცდამაინც თბილისელებმა კლდისუბნის წმ. გიორგის ეკლესიას „ხიხოს„ ეკლესია ეს შეიძლება აიხსნას შემდეგი გარემოებით: კლდისუბანი თბილისის კალა-ქალაქის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა და გვიან შუასაუკუნეების მიწურულს, სამეფო რეზიდენციის ადგილი იყო, ამ უბანში იქნა გადმოტანილი სამეფო რეზიდენცია. მას შემდეგ რაც აღა-მაჰმად ხანმა თბილისი ააოხრა (1795წ). 1800 წლის თბილისის გეგმაზე N-59ით აღნიშნული მიმდებარე ტერიტორია სახელდებულია, როგორც “Нынешнее место пребывания Его Высочества царя.” ქართველი მეფის ახალი რეზიდენციის გარშემო, პირველად ქართველმა მოსახლეობამ მოიყარა თავი. ესენი იყვნენ უმთავრესად დასავლეთ საქართველოდან „საშოვარზე“ ჩამოსული ქართველები. აქ დამკვიდრების შემდეგ ბუნებრივია წირვა-ლოცვის მოსასმენად, სალოცავად იქვე მათ უბანში მდებარე კლდისუბნის წმ.გიორგის ქართულ ეკლესიაში დადიოდნენ. ამის გამო მკვიდრმა ქართველებმა ამ ეკლესის „ხიხოების“ ეკლესია შეარქვეს. ქართველების წაბაძვით შემდეგ სომხებიც ამ ეკლესიას „ხიხოების“ ეკლესიას ეძახდნენ.

თბილისის კლდისუბნის წმ.გიორგის ეკლესიის შესახებ ქართული და სომხური წერილობითი მონაცემების ანალიზის მიხედვით შეიძლება დავასკვნათ: კლდისუბნის წმ.გიორგის ეკლესია ქართული იყო, მაგრამ არაერთგზის ყოფილა გადაკეთებული.

აგრეთვე აღსანიშნავია ამ ეკლესიის თავიდანვე ქართულობა, შემდეგ მისი გადაკეთება, განახლება ფაქტობრივად დაადასტურა პროფ. მ.ძნელაძის მიერ 2007წელს განხორციელებულმა არქეოლოგიური გათხრების შედეგად მიღებულმა მასალებმა.

არქიტექტორული თვალაზრისით ეს ეკლესია შეუსწავლია ხელოვნებათმცოდნე ვარდიკო არაბულს, ხოლო რესტავრატორი ყოფილა ნოდარ მინდორაშვილი. პროფ. მ.ძნელაძეს ორ ეტაპად უწარმოებია არქეოლოგიური სამუშაოები: პირველ ეტაპზე გაუწმენდია ათეული წლებით დაგროვილი სააღმშენებლო და საყოფაცხოვრებო ნაგვისგან. ამის შემდეგ გამოჩენილა განვითარებული შუა საუკუნეების XII-XIII საუკუნეების ნაგებობა, ორი სამარხი, რომლებიც XII-XIII საუკუნეების ნასახლარის წინარე ხანის აღმოჩნდა.

მეორე ეტაპზე არქეოლოგიური საძიებო სამუშაო გაუშლია ეკლესიის მთელი ინტერიერის მოცულობით. ერთ-ერთ სამარხში მამაკაცი ყოფილა დაკრძალული, რომლის საფლავის ქვის ჩრდილოეთ მხარეზე მხედრული წარწერა გვამცნობს: „ქ. მო[ი]ხსენე. უფალო საფლავი მიზანათ მელქუასი [ვი]ნაც წაიკითხოს შენდობასა უბრძანოს. ღ[მერ]თმა თქვენც შეგი[ნ]დოს. ამინ. ქ.ბ სულ (ქრონიკონსა სულ- 1742წ. შ-900 უ-400, ლ-30).“

აქვეა ნანახი მიზანას მეუღლის და მათი მცირეწლოვანი შვილის-გიორგის საფლავები.

პროფ. მ. ძნელაძე გამოთქვამს საფუძვლიან მოსაზრებას, წმ. გიორგის ქართულ ეკლესიაში დაკრძალული მამაკაცი მიზანა და ქალი (მისი მეუღლე) შესაძლოა მოგვიანებით აღდგენილი ეკლესიის 1753წლის განმანახლელების, ქტიტორის მშობლები იყვნენ. აღნიშნულ წელს ეს ეკლესია კი არ აშენდა, როგორც წარწერაშია აღნიშნული, არამედ მოხდა ეკლესიის განახლება-გადიდება. ეს მოსაზრება კიდევ უფრო დამაჯერებელი რომ გახადოს იმოწმებს აკად. ვ. ბერიძეს, თბილისის კლდისუბნის წმ.გიორგის ეკლესია დღევანდელი სახით ვახუშტის დროინდელი არ არის, მაგრამ გადაკეთების საგრძნობი ნიშნები ამტკიცებს, რომ აქ წინადაც რეკონსტრუქციასთან გვქონდა საქმე, შესაძლოა ეკლესია არამარტო ერთხელაა გადაკეთებული.

პროფ. მ.ძნელაძე სამეცნიერო-კვლევითი, არქეოლოგიური ჩატარებული სამუშაოდან მიღებული მასალის ანალიზის საფუძველზე გვაძლევს დასკვნას: თბილისის კლდისუბნის წმ. გიორგის ეკლესიის დღემდე მიღებულმა თარიღმა (XVI-XVIIIსს) გადაიწია V-VIIსაუკუნეებამდე. ეს ეკლესია ვახტანგ გორგასლის და მისი შვილის დაჩის მიერ დედაქალაქში დაარსებულ ეკლესიათა სისტემის ნაწილად მოიაზრება. ამას მოწმობს არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი თავდაპირველი ადრეული ხანის (V-VIIსს) პატარა ზომის დარბაზული ტიპის ნაგებობა.

საგანგებოდ გვსურს აღვნიშნოთ, თბილისის კლდისუბნის წმ. გიორგის ეკლესია გარკვეულ ხანს მისაკუთრებული ჰქონიათ სომხებს, მაგრამ ეს მის თავიდან სომხურობას არ ნიშნავს, რაც პროფ. მ. ძნელაძემ მის არქეოლოგიური კვლევის შედეგად კიდევ ერთხელ დაამტკიცა . აგრეთვე კვლავ უნდა აღინიშნოს სომეხი სასულიერო პირების ცნობილი თვისების შესახებ. ეს იყო სხვათა ეკლესიების მიტაცება. ეს სენი ისე ძლიერ ჰქონდათ გამჯდარი სისხლსა და ხორცში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქრისტეს საფლავის ტაძრის უკადრისი ხერხით მისაკუთრების მცდელობაც კი ჰქონიათ. ასეთი გაუგონარი მკრეხელობის შემდეგ განა გასაკვირია ეჯიმიაწინმა ქართული ეკლესიების მიტაცება საგარეო საეკლესიო პოლიტიკად რომ აქცია. თბილისის კლდისუბნის წმ. გიორგის ეკლესია ამ აგრესიული პოლიტიკის დროებითი მსხვერპლი იყო. აღდგა სამართალი და კლდისუბნის წმ. გიორგის ეკლესიაში დღეს ქართულ წირვა-ლოცვასა და გალობას კვლავ ისმენს ქართული მრევლი.

კლდისუბნის წმ. გიორგის ქართული ეკლესია ეპისკოპოსის მირზახანიანის სომხურ მხარის გადასაცემ სიაში - მე- 6 ადგილზეა, რაც რბილად რომ ვთქვათ გაუგებრობის შედეგია.

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები