პოლიტიკა

გია ჟორჟოლიანი სოლიდარობის ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის

25.03.20 12:40


„სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი სოლიდარობის ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის.

როგორც დეპუტატი „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნავს, უახლოეს პერიოდში, მოსალოდნელია უმუშევრობის გაზრდა და საბიუჯეტო შემოსავლების შემცირება, ხოლო გამოწვევებთან გამკლავება მხოლოდ კოლექტიური ძალისხმევით იქნება შესაძლებელი.

„ადამიანს რომ დაეხმარო, აუცილებელი არ არის იყო მდიდარი, აუცილებელია იყო სოლიდარული! უეჭველია, რომ აუცილებლად შემცირდება საბიუჯეტო შემოსავლები - ვინც სამუშაოს დაკარგავს, ვეღარ მიიღებს ხელფასს (შემოსავალს) და შესაბამისად, არ გადაიხდის გადასახადს; აუცილებლად გაიზრდება საბიუჯეტო ხარჯები, პირველ რიგში ჯანდაცვის მიმართულებით: პრევენცია, მკურნალობა, ფარმაცია, ინფრასტრუქტურა... ასევე უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის, საგანგებო მდგომარეობის წესების დაცვის უზრუნველყოფის მიმართულებით. აუცილებლად შემცირდება ან გაქრება იმ ადამიანების შემოსავლები, ვინც დაკარგავს სამუშაოს - ამ ადამიანების უდიდესი ნაწილი შესაბამისად დაკარგავს არა მხოლოდ შემოსავალს, არამედ საარსებო წყაროს.

ამ გამოწვევებთან გამკლავება, ჩვენ ცალ-ცალკე, თითოეულ ინდივიდს ძალიან გაგვიჭირდება, ხოლო დიდი ნაწილისთვის შეუძლებელი იქნება.

მათთან გამკლავება მხოლოდ საერთო კოლექტიური ძალისხმევით არის შესაძლებელი. ასეთი მოქმედება, აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება და კოორდინირება, შეუძლია მხოლოდ სახელმწიფოს (ანუ მთავრობას),“- აცხადებს გია ჟორჟოლიანი.

მისივე თქმით, საზოგადოების მხრიდან სახელმიწფოს მიერ დაწესებული შეზღუდვების დაცვა საკმარისი არ არის და აუცილებელია თითოეული მოქალაქე აქტიურად ჩაერთოს გამოწვევებთან ბრძოლაში. როგორც დეპუტატი ამბობს, მოქალაქეებმა, რომლებმაც სამსახური შეინარჩუნეს, სოლიდარობის ფონდში სავალდებულო შენატანი უნდა შეიტანოს. ფონდში აკუმულირებული თანხები კი იმ ადამიანების კოპენსირებას უნდა მოხმარდეს, როლებმაც სამსახური დაკარგეს.

„საზოგადოების დიდი ნაწილი, უმეტესობა ჩვენგანი აგრძელებს მუშაობას - თითქმის სრულად საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულები და კერძო სექტორის რიგი მიმართულებები. არც ეთიკური, არც ჰუმანური და არც პატრიოტული არ იქნება, რომ კორონა ვირუსის შედეგად გამოწვეული სიდუხჭირე შეეხოს მხოლოდ ტურისტულ სექტორს, ტრანსპორტის, მომსახურების და წარმოების სფეროში დასაქმებულ ადამიანებს. ეს ტვირთი ყველამ უნდა გავინაწილოთ.

ჩვენი წინადადებაა, შეიქმნას სოლიდარობის ფონდი, რომელშიც ყველა ადამიანი, რომელმაც შეინარჩუნა სამსახური და შემოსავალი, შეიტანს სავალდებულო შენატანს თავისი შემოსავლის შესაბამისად: ვისაც ნაკლები აქვს შემოსავალი - ნაკლები, ვისაც მეტი - მეტი პროცენტული ოდენობით.

ეს თანხები უნდა მოხმარდეს იმ ადამიანთა მინიმალურ კომპენსაციებს, ვინც დაკარგა სამსახური,“- აცხადებს გია ჟორჟოლიანი.

ამასთან, როგორც გია ჟორჟოლიანი ამბობს, გამოწვევებთან გასამკლავებლად ეს თანხები საკმარისი არ იქნება, აუცილებელი გახდება ბიუჯეტის კორექტირება და სხვა ღონისძიებები.

„რა თქმა უნდა, ზემოხსენებულ ამოცანებს ეს თანხები ვერ გადაწყვეტს.

მათი გადაწყვეტისთვის აუცილებელი იქნება სესხები, საბიუჯეტო მიმართულების კორექტირება და სხვა ბევრი ღონისძიება, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი უსწრაფესად უნდა განხორციელდეს. ამ მიმართულებით მთავრობა ჯერჯერობით აქტიურად მუშაობს და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მაქსიმალურად აამოქმედებს იმ მწირ შესაძლებლობებს, რასაც ჩვენი ეკონომიკა და მმართველობითი სისტემა იძლევა.

დღეს, საზოგადოებამ, ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ სიტყვებით გავამხნევოთ ერთმანეთი, არამედ ვიმოქმედოთ და საქმით დავეხმაროთ ერთმანეთს. სოლიდარობა და თანადგომა - ის უმთავრესი ღირებულებებია, რომლებიც დაეხმარება თითოეულ ჩვენგანს და ჩვენს ქვეყანას,“- განმარტავს დეპუტატი.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები