ეკონომიკა

“ქართული წარმოების პირბადეების დარიგება დაიწყო იმ პრიორიტეტების მიხედვით, სადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოების დაცვა”

25.03.20 17:20


„ქართული წარმოების პირბადეების დარიგება დაიწყო იმ პრიორიტეტების მიხედვით, სადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოების დაცვა, სხვადასხვა რისკიდან გამომდინარე”, – ამ კატეგორიაში არიან 70 წელს გადაცილებული ადამიანები, ასევე, ის საჯარო მოხელეები, რომლებიც საკარანტინო ზონებთან არიან შეხებაში, პოლიციელები, სხვადასხვა კატეგორია, რომლებიც, არსებული საფრთხეების მიუხედავად, ემსახურებიან მოსახლეობას”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჰიპერმარკეტ „გუდვილში” ვიზიტისას განაცხადა, სადაც ქართული წარმოების პირბადეების დარიგების პროცესს დაესწრო.

მისივე თქმით, დღეს კომერციულ სექტორშიც, პრიორიტეტების მიხედვით, დაიწყო პირბადეების მიწოდება, პირველ ყოვლისა, სასურსათო მაღაზიების თანამშრომლებისთვის.

როგორც ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ქართული წარმოების პირბადეები, რომლებიც მზადდება რამდენიმე საწარმოში, დარიგდება პრიორიტეტების მიხედვით იქამდე, სანამ არ აეწყობა მასობრივი წარმოება, რომელიც, დამოკიდებულია ნედლეულზე და, სავარაუდოდ, მალე იქნება.

„ამ ეტაპზე, პირბადეების მიწოდების პრიორიტეტები არიან ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტ შეხებაში არიან სხვა ადამიანებთან და ყველაზე მეტად საჭიროებენ დაცვას ვირუსის გავრცელებისგან. მათ შორის არიან სასურსათო მაღაზიების თანამშრომლები – მოლარეები, კონსულტანტები და ასე შემდეგ, რომლებსაც გადავცემთ მრავალჯერადი გამოყენების ქართული წარმოების პირბადეებს თავისი ინსტრუქციით და ყველას ვუსურვებთ ჯანმრთელობას”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, ქართული წარმოების პირბადეები დაურიგდებათ არა მხოლოდ დიდ სასურსათო მაღაზიებს, არამედ -” მცირე საუბნო მარკეტებსაც, რაშიც სამინისტროს დახმარებას უწევს მცირე და საშუალო მაღაზიათა ასოციაცია.

„ეს ორგანიზაცია აერთიანებს 780 პატარა სასურსათო მაღაზიას, ეს არის 2000-ზე მეტი დასაქმებული ადამიანი ამ სექტორში, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე და, რა თქმა უნდა, მათი მომხმარებლების ჯანმრთელობაზე”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები