საზოგადოება

შსს ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო ზონის გაძლიერებულ კონტროლს აგრძელებს

26.03.20 15:00


შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო ზონის გაძლიერებულ კონტროლს აგრძელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საკარანტინო შეზღუდვების ამოქმედებისთანავე, ძირითად გზებზე საკონტროლო გამშვები საგუშაგოებია განთავსებული, ხოლო მეორეხარისხოვანი გზები მობილური ჯგუფების მიერ კონტროლდება. მათი ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლები საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად მუნიციპალიტეტების ქალაქებსა და სოფლებში ინტენსიურად პატრულირებენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას რეგულარულად, დეტალურად უხსნიან საკარანტინო ზონაში მოქმედ წესებს. გარდა ცოცხალი ძალისა, საკარანტინო პერიმეტრის მუდმივი მონიტორინგის პროცესში პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მიერ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დრონები გამოიყენება.

ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ამ დროისთვის ვითარება დამაკმაყოფილებელია და კონტროლს სრულად ექვემდებარება.

საკარანტინო შეზღუდვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, 24 საათის განმავლობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციით, თავდაცვის ძალებთან ერთად, საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ,“ - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები