საზოგადოება

ფრანგულენოვანი „სლეითი“ სტატიას აქვეყნებს, რატომ უნდა ჩავიდეს მალე საქართველოში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი

26.03.20 15:20


„თბილისი – ახალი ევროპული ჰორიზონტი, ევრაზიის კარი?“ ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას საქართველოს შესახებ ფრანგულენოვანი „სლეითი“.

„საქართველო მზად არის, დაიკავოს გაერთიანებული სამეფოს ადგილი ევროკავშირში“, – ეს განცხადება ოდნავ აბსურდულადაც მოგვეჩვენებოდა, რომ არა მისი წყარო: ფრანგულენოვანი პრეზიდენტი და დევნილი ქართველთა ოჯახის შთამომავალი, რომლებიც საფრანგეთში 1920-იან წლებში გადაიხვეწნენ. სალომე ზურაბიშვილი აირჩიეს 2018 წლის დეკემბერში. მანამდე კი, იგი იყო საფრანგეთის ელჩი თბილისში (2003-2004 წლები), შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი (2004-2005 წლები), ქუთაისში პარლამენტის წევრი (2018 წლის ოქტომბერი-დეკემბერი) – აღნიშნულია სტატიაში.

„სლეითი“ ასევე წერს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 2011 წლის დეკემბერში დააფუძნა 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში უმრავლესობით წარმოდგენილი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ (შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2020 წლის ოქტომბერში), ასევე ეხმიანება ხსენებულ დასავლურ ამბიციას, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ახასიათებენ, როგორც მოსკოვთან უფრო ახლოს მდგომს, ვიდრე ბრიუსელთან. ასევე საგულისხმოა, რომ ივანიშვილს აქვს ორმაგი მოქალაქეობა: საფრანგეთის და საქართველოს.

„მას შემდეგ, რაც 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმით ძალაუფლება გადაეცა პარლამენტს და დამკვიდრდა საპარლამენტო სისტემა, პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად წარმოდგენილია უმრავლესობით: 115 მანდატი 150-დან, აიღო განსაკუთრებული პასუხისმგებლობა საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით.

აქცენტი კეთდება კოლხეთისა და იბერიის უძველეს სამეფოებზე, ქვეყნის ქრისტიანულ ფესვებზე მე-4 საუკუნიდან და მართლმადიდებლობაზე 1054 წლის განხეთქილების შემდეგ. 1917 წლის რევოლუციის და პირველი მსოფლიო ომის შემდგომი ზავების შედეგად, 1918-1921 წლებში საქართველო ჩამოყალიბდა საპარლამენტო და დემოკრატიულ რესპუბლიკად, თუმცა დამოუკიდებლობის საბოლოოდ აღდგენა შესაძლებელი გახდა მხოლოდ 1991 წლის აპრილში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

დღეს კი,საქართველოს პრეზიდენტის (თუნდაც ჯერ აუსრულებელი) სურვილის სრული მნიშვნელობა იშლება ეკონომიკური წარმატების ჭრილში. 2019 წლის აგვისტოში საფრანგეთის მეწარმეთა ყრილობაზე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში ქვეყნის მოქალაქეთა 80%-ზე მეტი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

ამასთან, სტატიაში წერია „იმ დროს, როცა ჩვენი პარტნიორობა 25-წლიან ნიშნულს უახლოვდება, საქართველოში ეკონომიკური ზრდა თითქმის 4.5%-ს შეადგენს და, მსოფლიო ბანკის თანახმად, ეკონომიკური ინდიკატორები დღესაც დადებითადაა შეფასებული. ასევე სიღარიბესთან ბრძოლის მაჩვენებლები: 32.5%-დან 2006 წელს (მოსახლეობა: 3.7 მილიონი) მხოლოდ 16.3%-მდე 2017 წელს“.

პუბლიკაციის თანახმად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, 2014 წლის 27 ივნისს ევროკავშირთან ხელმოწერილი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება ადასტურებს, რომ საქართველო წარმოადგენს მოწინავე ეკონომიკას ევროპის სამეზობლო პოლიტიკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, რომელშიც, სხვა ქვეყნებთან ერთად, ასევე შედიან უკრაინა და მოლდოვა.

მაშინ, როცა ევროპის დედაქალაქებში მიმდინარე დებატები ევროკავშირის გაფართოების შესაძლებლობების შესახებ პასიურ ფაზაშია დიდი ბრიტანეთის გასვლის მიზეზით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება აძლიერებს ქართველთა „მოთმინების უნარს“ ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იჩენს სიმტკიცეს და, ამავე დროს, პრაგმატიზმს ევროკავშირთან დაკავშირებით ქვეყნის ამბიციებთან მიმართებაში.

„იგივე შეიძლება ითქვას საქართველოში სტაბილურობის უზრუნველყოფაში და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებაში ევროკავშირის მიერ შეტანილი წვლილის შესახებაც – კერძოდ, იგულისხმება საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების აღდგენა და დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რეინტეგრაცია, ასევე თანამშრომლობის გაღრმავება მართლმსაჯულების სფეროში (თავისუფლება, უსაფრთხოება, ფუნდამენტური უფლებები), ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება და საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის სტრატეგიებში, პროგრამებსა და უწყებებში“, – მითითებულია სტატიაში.

ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების ანგარიშში, რომლის 2019 წლის მონაცემების თანახმად საქართველო მსოფლიოში მე-7 ადგილზეა ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით, ხაზგასმულია საჯარო სექტორის რეფორმის მიმდინარეობა და ეკონომიკის ლიბერალიზაციის დაჩქარება.

„ეს ეკონომიკური რეალობა, რომელსაც ჩვენ მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ, კონკრეტულ გამოძახილს ჰპოვებს ევროპის საბჭოში, რომელსაც საქართველო ამჟამად თავმჯდომარეობს და რომლის წევრიც იგი გახლავთ 1999 წლიდან. სწორედ ეს გახლავთ დაახლოებისკენ გამიზნული დღის წესრიგის რეალიზაციის ყველაზე მკაფიო გზა, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს ევროპას და აზიას ბუნებრივი „კარიბჭის“, ანუ საქართველოს და სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნების მეშვეობით. ეს ასევე ეხება (ადრიატიკის, შავი და ბალტიის ზღვების დამაკავშირებელი) „სამი ზღვის ინიციატივის“ პროგრამას, რომელიც დაიწყო დუბროვნიკში 2016 წელს და შემდეგ გაგრძელდა ვარშავაში 2017 წელს.

სხვადასხვა დამოუკიდებელ საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს გამაოგნებელი და მზარდი პროგრესი წინააღმდეგობაშია ზოგიერთ ევროპულ მედიასაშუალებაში ახლახან გავრცელებულ ნარატივთან, თითქოს, ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ექცევიან მოსკოვის ორბიტაში და უკან იხევენ ევროპასთან დაკავშირებით საქართველოს მისწრაფებების ხარჯზე. ამ რეალობის მიღება, რაც საქართველოს მთავრობამ გააკეთა კიდეც, ხაზს უსვამს მის გონივრულობასა და პრაგმატულობას.

რადგან აქ საქმე ასევე გვაქვს ჩვენს უნართან, უზრუნველვყოთ ჩვენი პოზიციონირება ერთგული მოკავშირეების გვერდით როგორც ისტორიულად, ისე საერთო სასიკეთო ინტერესების თვალსაზრისით, რათა ჩვენ შევძლოთ ჩვენი პოზიციების დაკავება აღმოსავლეთისა და დასავლეთის შემაერთებელი ამ ახალი მარშრუტების გაყოლებაზე, რომლებიც წარმოადგენს გაფართოებული ევროპის ახალ სახეს, რომელიც დღეს ეჭვგარეშე მოიცავს ევრაზიის გეოეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ განზომილებას.

ცხადია, რომ ხსენებული არის მხოლოდ რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა ჩავიდეს მალე საქართველოში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი“, – აღნიშნულია „სლეითის“ სტატიაში.



ყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები