პოლიტიკა

დაგროვებითი პენსია უნდა შეჩერდეს და გადასახადები გადავადდეს – ჭელიძე

26.03.20 17:40


კორონავირუსის გამო გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობისა და პრეზიდენტის დეკრეტით დადგენილმა შეზღუდვებმა ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა მკვეთრად შეამცრა. რა გავლენა მოახდინა ამ ვითარებამ მცირე და საშუალო ბიზნესზე და რა არის გამოსავალი? ამ საკითხებზე ნეტგაზეთი საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ხელმძღვანელს, მიხეილ ჭელიძეს ესაუბრა.

რა მდგომარეობაში არიან თქვენი ასოციაციის წევრი კომპანიები და ზარალის მოცულობაზეც თუ შეგიძლიათ ამ ეტაზე საუბარი?

ზარალზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ არსებული აქტივების დაზარალება არ მომხდარა. მომავალი შემოსავლები შემცირდა, რადგან მოთხოვნამ მნიშვნელოვნად იკლო, რამაც ბიზნეს გადახდისუნარიანობა მნიშვნელოვნად შეუზღუდა. ხელფასს, იჯარას ვეღარ იხდიან. მთავარია, კომპანიებმა თანხა არ დაიტოვონ, ანუ თუ ფული აქვთ ხარჯონ. იმის თქმა, რომ მოდი, ჯერ ხელფასს არ გავცემ და მერე ვნხავ რა მოხდება, ეს კატასტროფული იქნება ბიზნესისთვის, რადგან ქვეყანაში ფული ისედაც არ არის და მისი გაჩერება არ შეიძლება. ამასთან, ყველა ვალდებულება, რაზეც კი შეიძლება გრაფიკი დაწესდეს, უნდა დაგრაფიკდეს. გადასახადების კუთხით დღევანდელი კანონმდებლობით გვაქვს გრაფიკი, თუმცა 50 ათას ლარზე ზევით თუ არის გადასახადი, უზრუნველყოფას გთხოვენ.

ერთწლიან ან ექვსთვიან პერიოდში, სანამ ეს კრიზისია, უზრუნველყოფის კოეფიციენტი უნდა მოიხსნას და როგორც 50 ათას ლარამდე გადასახადზე შეიძლება გრაფიკის დაწესება, ასევე უნდა მოხდეს 50 ათას ლარზე ზემოთ.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

50 ათას ლარზე ზემოთ უზრუნველყოფა სჭირდება, რომ გრაფიკი გაგიკეთონ და 50 ათას ლარს ქვემოთ კი უზრუნველყოფა არ სჭირდება. ეს ყველა გადასახადს ეხება. სახელმწიფომ, შესაძლოა, გრაფიკზე უარი გითხრას თუ გარკვეული რისკები დაინახა. რისკის ფილტრი უნდა შემსუბუქდეს, რათა ბევრ კომპანიას მისცენ გრაფიკით სარგებლობის შესაძლებლობა. ეს განსაკუთრებით ეხება იმპორტიორებს, რომლებსაც პროდუქცია ადრე ჰქონდათ შეკვეთლი, არ იცოდნენ ამ კორონავირუსზე, შემოვიდა საქონელი და ახლა თანხა აღარ აქვთ, ვერც გააჩერეს ტვირთი და იმპორტზე გადასახდელი გადასახადი აღარ აქვთ.

დანარჩენ შემთხვევაში, დღგ-ზე მნიშვნელოვანია ხელფასების, ანუ საშემოსავლო გადასახადი, რადგან, შესაძლოა, კომპანია გაჩერებული იყოს, თუმცა თანამშრომლისთვის ხელფასის გადახდა მაინც გიწევს. რაც შეეხება დაგროვებით პენსიას, ერთი წლით სასწრაფოდ უნდა გაჩერდეს.

დაგროვებითი პენსია კეთილდღეობის საკითხია, ანუ თუ ქვეყანას დასაგროვებლად აქვს ზედმეტი ფული და ეს ძალიან კარგია, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში ზედმეტი კი არა, საჭმლის ფული აღარ აქვთ.

შესაბამისად, ამ კრიზისში დაგროვებითი პენსია ახლა სადამსჯელო ოპერაციად იქცა. ამიტომ მიმაჩნია, რომ სასწრაფოდ უნდა გაჩერდეს ერთი წლით, უნდა დაკონსერვდეს.

ვნახეთ მთავრობის ე.წ ეკონომიკური სტიმულირების გეგმა, რომლის მიხედვითაც, კონკრეტული სექტორის წარმომადგენლებს საგადასახადო შეღავათები დაუწესდათ. რა ვითარებაა ამ მხრივ მცირე/საშუალო ბიზნესში? თუ გქონდათ კომუნიკაცია მთავრობასთან და შესაძლებელია თუ არა, რომ გარკვეული შეღავათები თქვენც მიიღოთ, გარდა იმისა, რაზეც ისაუბრეთ?

რაც გითხარით ესაა: ბიზნესმა ხარჯები მაქსიმალურად უნდა გაფილტროს და უფრო მობილიზებულად იმუშაოს. ომისგან განსხვავებით, ახლა კარგი მდგომარეობა გვაქვს. მაშინ ყველაფერი გაჩერდა, ახლა ტრანსპორტი მოძრაობს, ტვირთის გადაზიდვა ხდება, უბრალოდ, მოთხოვნაა შემცირებული. მოთხოვნა როცა გიმცირდება, ე.ი შემოსავლი შეგიმცირდება.

შესაბამისად, ისე უნდა გადააწყო საკუთარი ბიზნესი, რომ ეს გაჭირვების პერიოდი გაიტანო. გაჭირვების პერიოდის გადატანა ნიშნავს, რომ რა ფულსაც იხდის ბიზნესი, ეს თანხა უნდა გადაიხადოს გრაფიკით. ანუ რადგან შემოსავალი შეგიმცირდა, გასავალზეც რომ გრაფიკი დაგიწესდეს, თორემ არ მგონია, პატიებით ვინმემ გაპატიოს. ამ გრაფიკის მიღებაში თუ რამე შემზღუდავი კომპონენტები იყო, უნდა მოიხსნას. ზოგადად, ყველა ბიზნეს გაუჭირდა, თუმცა საცალო ვაჭრობისა და სააფთიაქო ქსელი ვერ იტყვის, რომ რამე გაუჭირდათ, პირიქით, რადიკალურად აქვთ გაზრდილი შემოსავალი. ვსაუბრობთ იმაზე, ვისაც გაუჭირდა, იმათთვის დაწესედეს გადასახადზე გრაფიკი.

ბოლო პერიოდში კომერიცულმა ბანკებმა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს გადაუვადეს სესხი სამი თვით. რა ინფორმაცია გაქვთ მეწარმეებისგან, რამდენად ისარგებლებენ ისინი ამ შეთავაზებით?

ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა და ბევრმა ბიზნესმა ისაგებლა.

ფაქტობრივად, ბანკებმა ფული გასესხეს, ანუ აქაც არავინ არაფერს არ გპატიობს, უბრალოდ, გადახდების რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ დღეს გადასახადი არ გაქვს.

რაც შეეხება თანამშრომლების გათავისუფლების საკითხს, რა ვითარებაა ამ მხრივ, შეძლებენ თუ არა ისინი სამუშაო ადგილების შენარჩუნებას?

“დიდი ხანი თუ გაგრძელდა, სერიოზული პრობლემები იქნება. ერთი თვე შეძლებენ. ჩავთვალოთ, რომ როგორც აგვისტოა მკვდარი პერიოდი ქვეყანაში და პრაქტიკულად არაფერი ხდება, დაახლოებით ასეთი პერიოდი გვაქვს ახლა. პროცესებს შორიდან რომ შევხედოთ, ბიზნესაქტივობა შენელებულია და სწორედ ამიტომ არის საჭირო ვალდებულებების გადავადება და გრაფიკის დაწესება.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები