პოლიტიკა

საგარეო წყება - სლოვაკეთსა და ჩეხეთში საელჩოების ძალისხმევით, საქართველოს მოქალაქეები დროებითი საცხოვრებლით და პირველადი საჭიროების პროდუქტებით უზრუნველყვეს

27.03.20 13:00


კორონავირუსის გავრცელების გამო, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების შედეგად, საქართველოში გამომგზავრების შესაძლებლობას დროებით მოკლებული საქართველოს მოქალაქეები, სლოვაკეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკებში საქართველოს საელჩოების ძალისხმევით, საცხოვრებლით და პირველადი საჭიროების პროდუქტებით უზრუნველყვეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მოქალაქეებმა დახმარების თხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საელჩოების ცხელ ხაზს მიმართეს.

უწყების ინფორმაციით, სლოვაკეთში საქართველოს საელჩომ, სლოვაკეთში საქართველოს საპატიო კონსულების მხარდაჭერით, საქართველოს 24 მოქალაქის (რომელებსაც 22 მარტს ვენა-თბილისის რეისზე მგზავრობის ბილეთები გაუუქმდათ) დროებითი დაბინავება, ასევე საჭირო საკვებითა და აუცილებელი პირველადი მოხმარების საგნებით მათი მომარაგება უზრუნველყო. ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ საგანგებო მდგომარეობის გამო, სლოვაკეთიდან ვენის მიმართულებით საერთაშორისო რეისი არ ხორციელდება, საელჩო საქართველოს მოქალაქეებს სლოვაკეთიდან ვენის (ავსტრია) აეროპორტამდე გადაადგილებაში დაეხმარა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩეხეთში საქართველოს საელჩომ საქართველოს მოქალაქეები დროებით საცხოვრებელში მოათავსა, საკვები და პირველადი საჭიროების ნივთები მიაწოდა. ასევე, საჭიროების შესაბამისად, მოქალაქეები საელჩოს მიერ უზრუნველყოფილნი იყვნენ აუცილებელი მედიკამენტებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის განკუთვნილი ადგილსამყოფელის ხარჯებს საქართველოს საელჩოები საკუთარი სახსრებითა და საპატიო კონსულების ფინანსური მხარდაჭერით ანაზღაურებენ.

უწყების ცნობით, სულ სლოვაკეთსა და ჩეხეთში დახმარება გაეწია რამდენიმე ათეულ საქართველოს მოქალაქეს.

„მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, მუშაობის 24- საათიან რეჟიმზე არიან გადასული საქართველოს მისიები საზღვარგარეთ, რათა ოპერატიულ რეჟიმში მოახდინონ უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები