პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე - საყოველთაო კარანტინამდე შორს არ ვართ, ეს ეპიდვითარებასა და საზოგადოების ადეკვატურ ქცევაზეა დამოკიდებული

27.03.20 13:20


პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შემთხვევებისა და გართულებული შემთხვევების ნახტომისებური ზრდა არ მივიღოთ, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხში ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას შექმნილი ვითარებისადმი ადეკვატური დამოკიდებულება ჰქონდეს.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიმყოფებით პრეკრიზისულ ფაზაში და ძალიან მალე შევალთ კრიზისულ პერიოდში, ვითარება კონტროლირებადია, პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შემთხვევებისა და გართულებული შემთხვევების ნახტომისებური ზრდა არ მივიღოთ, იმისთვის, რომ შემდეგ ეს ტვირთი არ აღმოჩნდეს იმაზე მეტი, ვიდრე ჯანდაცვის სისტემას შეუძლია, დაძლიოს და აწიოს. რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელოვანია საზოგადოების ადეკვატური დამოკიდებულება. სახლში დარჩენით საზოგადოება ძალიან დაგვეხმარება, რომ პროცესები სწორად ვმართოთ. თუ გადაუდებელი შემთხვევების მიღმა ქუჩაში იმოძრავებენ აქტიურად, ისინი ძალიან შეგვიშლიან ხელს პროცესების მართვაში და იმაში, რომ შევაჩეროთ, შევაფერხოთ მასიური გავრცელება“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, საყოველთაო კარანტინის შემოღების საჭიროება დადგება.

„შესაძლოა, თუ არ იქნა ადეკვატური ქცევა საზოგადოებისა და ეპიდვითარება გართულდა, რა თქმა უნდა, დადგება საკითხი საყოველთაო კარანტინის შემოღების. მინდა, გულწრფელად გითხრათ, რომ ამ ვითარებიდან საყოველთაო კარანტინამდე შორს არ ვართ. როცა გადაუდებელი საჭიროება დადგება მისი შემოღების, ჩვენ აუცილებლად შემოვიღებთ, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენც და საზოგადოებამაც, რომ თავიდან ავიცილოთ მასიური გავრცელება. ამაზე გუნდი მსჯელობს. ეპიდვითარებაზე და საზოგადოების ადეკვატურ ქცევაზე არის დამოკიდებული გამოცხადება. თუ გავითვალისწინებთ მსოფლიოში ეპიდვითარებას და მით უმეტეს ევროპაში, სადაც დაბინძურების ხარისხი არის მაღალი, გავრცელების მაჩვენებლები მაღალია და სამწუხაროდ, ლეტალობისაც არის მზარდი, შესაძლოა, ამ სცენარებიდან და პრობლემებიდან გამომდინარე, უფრო ადრე დაგვჭირდეს საკარანტინო რეჟიმის შემოღება, ვიდრე ეს იქნება აღდგომა“, – განაცხადა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები