პოლიტიკა

ოკუპირებულ ტერიტორიებზე COVID-19-ის პრევენციისთვის ხმაურის გარეშე ვდგამთ ნაბიჯებს – მინისტრი

27.03.20 14:00


“მე პროცესის დეტალებზე კვლავ ვერ ვსაუბრობ, სწორედ ამ პროცესის სენსიტიურობიდან გამომდინარე და იმიტომ, რომ ამ ყველაფრის უკან დგანან ადამიანები, რომელთაც ძალიან ჭირდებათ დახმარება გუშინწინაც, გუშინაც, დღესაც და ხვალაც. მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის ახლა პრიორიტეტი, ყველაზე მთავარი და ყველაზე მაღალი!”, – აცხადებს შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.

მინისტრი გამოეხმაურა კითხვებს, რომელიც შეეხებოდა ერთ-ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გალისთვის გადაცემულ დახმარებასა და ასევე, მოწოდებებს ხელისუფლების მიმართ აფხაზეთში მოქმედებების შესახებ.

მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ბოლო კვირების განმავლობაში, “ყველა შესაძლო არხით ჩართულია COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე”.

“არაერთი აქტივობა განხორციელდა განსაკუთრებით აფხაზეთის რეგიონის მიმართულებით. ერთის თქმა შემიძლია: თუნდაც მხოლოდ გუშინ განხორციელებულ აქტივობებში, რომელიმე ფონდის თუ პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ გაკეთებული კონტრიბუცია არ ყოფილა არც ერთადერთი და მითუფრო არც პირველი, როგორც ცხადდებოდა”.

მთელი ამ დღეების და კვირების განმავლობაში, ხელისუფლება და ასევე სხვადასხვა კერძო პირი თუ ორგანიზაცია, თავისი კეთილი ნებით, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი ამ პროცესში და ყველას მადლობა, რა თქმა უნდა.

“მე მესმის, რომ შეიძლება ამა თუ იმ პოლიტიკურ პირს თუ ორგანიზაციას ჰქონდეს გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგი და ინფორმაციის გასაჯაროვება ამას უკავშირდბოდეს, თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ კონკრეტულად ამ პოლიტიკური ძალისაგან ალბათ ცოტა გასაკვირია იმიტომ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ, იგივე ორგანიზაციის წარმომადგენლები მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით ნაბიჯები გადადგმულიყო “ყველანაირი ხმაურისა და პიარის გარეშე”, რასაც, გარწმუნებთ, ისედაც ვდგამდით და ახლაც ვდგამთ, სწორედ ამ ხმაურის გარეშე, რომ პროცესი არ დაზიანდეს! ამიტომ ვფიქრობ, დღეს განსაკუთრებით, ამხელა გამოწვევასთან ბრძოლაში, ეს სენსიტიური გარემო უმჯობესია ყველამ გაითვალისწინოს”.

ფონდმა “მოძრაობა მომავლისთვის (მომო)”, რომელიც პარტია “ლელოს” ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა, გუშინ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გალის რაიონის სოფელ საბერიოს საავადმყოფოსთვის სამედიცინო ინვენტარი კლინიკის მედპერსონალს გადასცა.

რაც შეეხება აფხაზური და ოსურ მხარეებს, მათ ქართული მხარის მიერ აქტივობებზე ოფიციალურ დონეზე არ განუცხადებით. ამასთან, მიმდინარე დღეებში, აფხაზური მედია წერს იმაზე, რომ აფხაზეთმა გარკვეული პრევენციული სამედიცინო ინვენტარი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის მიმართვის შედეგად მიიღო. რაც შეეხება ცხინვალს, ოსური მხარის ცნობით, მათ კორონავირუსის გამოსავლენად აუცილებელი ტესტები რუსეთისგან მიიღეს.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები