პოლიტიკა

ჩინურ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყვეტილია – ტიკარაძე უხარისხო ტესტებზე

27.03.20 15:20


ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ადასტურებს, რომ საქართველოს კორონავირუსის დიაგნოსტირების ტესტების შემოტანაზე ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული ჩინურ კომპანია Bioeasy-სთან, რომელმაც ბაზრიდან ტესტები გაიწვია მას შემდეგ, რაც ეს პროდუქცია უხარისხო აღმოჩნდა.

ტიკარაძის თქმით, ქართულ მხარეს თანხა გადარიცხული არ ჰქონია და ამ დროისთვის ხელშერკულება გაუქმებულია.

“კომპანია Bioeasy-მა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს კომპანია არის საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, გამოაქვეყნა ნოტა და თავისი პროდუქცია თვითონ გაიწვია ყველა ბაზრიდან, სადაც ის იყო გაყიდული.

საქართველოს ჰქონდა დადებული ხელშეკრულება ამ კომპანიასთან, თუმცა დღეის მდგომარეობით, ამ კომპანიის ტესტები ლუგარის ლაბორატორიაში არ გაგვაჩნია.

გარდა ამისა, მე მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები – ნებისმიერი ახალი ტესტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის, გადის გარკვეულ დაკვირვებას. ყველა ტესტის გადამოწმება ხდება ლუგარში აპრობირებული ტესტირების სისტემით და აქედან გამომდინარე, ჩვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვაკვირდებით ტესტების სანდოობას და მხოლოდ მერე ვიყენებთ ფართო გამოკვლევისთვის. დღესდღეობით, მოქალაქეებს არ აქვთ იმის რისკი, რომ საქართველოში არსებული ტესტებით მოხდეს მათი მცდარი დიაგნოსტიკა”, – განაცხადა ტიკარაძემ.

ტიკარაძის თქმით, ამჟამად საქართველო ტესტების შემოტანაზე მოლაპარაკებას აწარმოებს სხვა კომპანიასთან. რაც შეეხება 1 000 ტესტს, რომელიც საქართველომ ჩინეთის მთავრობისგან საჩუქრად მიიღო და ამჟამად მარნეულსა და ბოლნისში გამოიყენება, ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, არ ეკუთვნის კომპანია Bioeasy-ს, დაფუძნებულია PCR მეთოდზე და მაღალი სანდოობა გააჩნია.

გამოცემა El País-ის ცნობით, ესპანეთში ჩატარებული კვლევების თანახმად, ჩინური კომპანია Shenzhen Bioeasy Technology-ის ტესტები, რომელიც ესპანეთმა შეიძინა, უხარისხო აღმოჩნდა და ტეტსებს კოპანიას დაუბრუნებენ. კვლევამ აჩვენა, რომ ტესტების სიზუსტე მხოლოდ 30%-ია, როცა მგრძნობელობა 80% უნდა ყოფილიყო. ასევე, კომპანიას ტესტების გაყიდვის ლიცენზია ჩინეთის სახელმწიფოს სამედიცინო პროდუქტების ეროვნული ადმინისტრაციისგან მიღებული არ ჰქონდა.

ასევე, ჩეხეთის მედია წერს, რომ ჩეხეთის მიერ ჩინეთში შეძენილი სწრაფი ტესტების 80% უხარისხო აღმოჩნდა.

კომპანია Shenzhen Bioeasy Technology იგივე კომპანია, რომელთანაც საქართველოს 200 000-ზე მეტი სწრაფი ტესტის შეძენაზე ჰქონდა ხელშეკრულება გაფორმებული.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები