საზოგადოება

პოლიცია ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის ფარგლებში არსებულ შეზღუდვებს 24-საათიან რეჟიმში აკონტროლებს

31.03.20 10:30


საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დაწესებულ საკარანტინო შეზღუდვებს მთელი ქვეყნის მასშტაბით24-საათიან, საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ.

„მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთისა და გორის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, თავდაცვის ძალებთან ერთად, საკონტროლო პუნქტების მეშვეობით, აღნიშნული ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებასა და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას აკონტროლებენ.

ასევე, ადგილზე ხდება მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას რეგულარულად, დეტალურად აუხსნიან საკარანტინო შეზღუდვებს და, საჭიროების შემთხვევაში, მაქსიმალურად დაეხმარებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს თავისუფლების 3 წლამდე ვადით აღკვეთას.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები