პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი - საერთაშორისო საზოგადოება ჩვენს პრაქტიკას ძალიან მაღალ შეფასებას აძლევს

02.04.20 17:00


„მართლაც საამაყოა, რომ საერთაშორისო მედია, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, ჩვენი პარტნიორი ქვეყნები ძალიან მაღალ შეფასებას აძლევენ საქართველოს პრაქტიკას კორონავირუსთან ბრძოლასთან დაკავშირებით და ეს, რა თქმა უნდა, ყველას, გვახარებს“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ვაშინგტონის შუა აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ჯორჯ ვისანის სტატიას „შავი ზღვა და ახალი კორონავირუსი“, სადაც აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს ოფიციალურ პირებს კორონავირუსის დასამარცხებლად ოპერატიულად განხორციელებული ზომებისთვის აქებს.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა არის ის, რომ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები ძალიან მაღალი კოორდინაციის პირობებში მოქმედებენ, მათ შორის, განსაკუთრებით უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლები, რისთვისაც კიდევ ერთხელ უხდის მადლობას როგორც მათ, ასევე ექიმებს.

ირაკლი სესიაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ გარკვეული პოლიტიკური მედია საშუალებები სხვადასხვა ფორმით, დეზინფორმაციით, თუ პანიკის დათესვის მცდელობით, ცდილობენ გაატარონ ვიწრო პოლიტიკური ინტერესები, რაც ამ ვითარებაში არის აბსოლუტურად მიუღებელი.

„კიდევ ერთხელ მათ მოვუწოდებ, რომ ეს ბრძოლა ჩვენ ყველამ ერთად უნდა ჩავატაროთ და მთავარი ამოცანა დღეს არის ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და, მეორე მხრივ, პოსტეპიდემიურ სიტუაციაში საქართველოს შესაძლებლობების შენარჩუნება, რომ ქვეყანა სწრაფად გამოვიდეს ამ კრიზისიდან და მოახდინოს სწრაფი განვითარება. აქვე მინდა ვთქვა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ჩვენს პრაქტიკას მართლაც რომ ძალიან მაღალ შეფასებას აძლევს, ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, ჩვენი გამხნევებისთვის, არამედ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნის მომავალი პერსპექტივებისთვის, მათ შორის, საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებიდან ფინანსური მხარდაჭერის თვალსაზრისით, ისევე როგორც მომავალში კრიზისული შედეგების დაძლევის პროცესში. რაც მთავარია, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებთან დაკავშირებით და ამიტომ კიდევ ერთხელ ყველას მინდა ვთხოვო, გავიაზროთ, რომ ეს არის ბრძოლა, სადაც ყველა ვართ ჩართული და თანამონაწილე, მათ შორის სახლში ყოფნით.

ვთხოვ ყველას, გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, დავიცვათ წესები, მოთხოვნები, რომელსაც მთავრობა, შესაბამისი ორგანოები გვაძლევენ“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები