საზოგადოება

საქართველოში ვირუსის შიდა გადაცემის ფაქტები იზრდება – ბოლო მონაცემები

07.04.20 14:40


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების ნაწილი შიდა გადაცემას და ოჯახურ კლასტერებს უკავშირდება, განაცხადა ჟურნალისტებთან ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილმა.

სოლოღაშვილის სიტყვებით, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსის ინფექციით 13 ადამიანი მკურნალობს, მათგან სამი – ახალი პაციენტია. ყველა ახალი შემთხვევა შიდა გადაცემაა, ინფიცირება ყველაზე ხშირად ოჯახის წევრებს შორის კონტაქტის შედეგად ხდება.

„დღეს ბოქსირებულ სექტორში 41 პაციენტი მკურნალობს, დადასტურებული დიაგნოზით – 13. მათ შორის სამი ახალი პაციენტია.

გვყავს 18 წლამდე ექვსი პაციენტი. მათი მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია. ერთ–ერთი პაციენტის მდგომარეობა განსაკუთრებულად საყურადღებოა. 41 პაციენტიდან ოთხს ანალიზს აუღებენ და მათი პასუხები ხვალ იქნება ცნობილი“, – განაცხადა სოლოღაშვილმა.

მისი სიტყვებით, ყველა პაციენტის კლასტერი ცნობილია. კითხვაზე, პაციენტებს ჰქონდათ თუ არა კავშირი ეკლესიასთან, სოლიღაშვილმა აღნიშნა, რომ ყველა ახალი შემთხვევა უკავშირდება შიდა გადაცემას და არა ეკლესიას.

„ახალი პაციენტების ოჯახების ყველა წევრი შესაბამისი დიაგნოზით უკვე მკურნალობს, და რა თქმა უნდა, თვითიზოლაციაში იმყოფებიან. სამივე შემთხვევაში ინფიცირების წყარო ოჯახის წევრია. მათი მდგომარეობა სტაბილურია. კრიტიკული პაციენტი ჩვენ არ გვყავს“, – აღნიშნა სოლოღაშვილმა.

შვიდი ახალი პაციენტიდან ერთ–ერთი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. კლინიკის სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას სიტყვებით, პაციენტი საკარანტინე ზონიდან გადმოიყვანეს. მოცემული შემთხვევა აშშ–ში მოგზაურობას უკავშირდება.

„შვიდი ახალი შემთხვევიდან ერთი ჩვენთან იმყოფება – წყარო ამერიკაა.

ჩვენს ცენტრში 195–დან ინფიცირებული იყო 69. გამოჯანმრთელდა და სახლში გაეწერა 29. მოცემულ მომენტში მკურნალობს 39 ინფიცირებული, მათგან ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ჯერჯერობით მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას თქმით, დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

კორონავირუსით ინფიცირებულთა გამოჯანმრთელების პერიოდი საშუალოდ 20 დღე გრძელდება. თუმცა, პროცესი ინდივიდუალურია და შეიძლება უფრო დიდი პერიოდით გაგრძელდეს.

„საშუალოდ 20 დღე გრძელდება, მაგრამ შეიძლება 4–6 კვირაც გასტანოს“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

7 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 195–ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 39. გარდაიცვალა 2. კარანტინში იმყოფება 4708 ადამიანი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კი 370.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კარანტინია გამოცხადებული. ასევე მოქმედებს კომენდანტის საათი.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები