პოლიტიკა

დავით ზალკალიანი - 9 აპრილის გმირების სიმამაცისა და გაუტეხლობის მაგალითი დღემდე გვახსენებს რანი ვართ და საიდან მოვდივართ

09.04.20 11:15


9 აპრილი ერთდროულად ცრემლისა და სიხარულის, გმირული სიკვდილის და თან სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების დღეა, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

როგორც ზალკალიანი აღნიშნავს, დღეს მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად ვიქნებით ღირსნი იმ თავისუფლების, რომლისთვისაც 9 აპრილს დაღუპულმა ადამიანებმა მსხვერპლად საკუთარი სიცოცხლე გაიღეს, რამდენად ვიქნებით მზად ავიღოთ პასუხისმგებლობა და ავაშენოთ ძლიერი და ერთიანი ქვეყანა, რომელიც თავის მომავალს მათ ოცნებებსა და იდეალებზე დააფუძნებს.

„დღეს საქართველო 9 აპრილს აღნიშნავს. 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ორ მნიშვნელოვან მოვლენას აერთიანებს - 1989 წლის ტრაგედიას, როდესაც ხელკეტებითა და სასანგრე ბარებით შეიარაღებულმა საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ჯარმა რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია და ზუსტად ორი წლისთავზე, საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენას. სწორედ ამიტომ, ამავე დროს, ის ქართველი ერის თავისუფლებისაკენ სწრაფვის სიმბოლო და ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანესი ნიშანსვეტია. 9 აპრილს ჩვენ პატივს მივაგებთ ადამიანებს, რომლებმაც თავი გასწირეს იმ რწმენით, რომ მათი თავდადება ჩვენს მომავალს შეცვლიდა. დღეს კი, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად ვიქნებით ღირსნი იმ თავისუფლების, რომლისთვისაც მათ მსხვერპლად საკუთარი სიცოცხლე გაიღეს, რამდენად ვიქნებით მზად ავიღოთ პასუხისმგებლობა და ავაშენოთ ძლიერი და ერთიანი ქვეყანა, რომელიც თავის მომავალს მათ ოცნებებსა და იდეალებზე დააფუძნებს. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი გმირებისა და მათი ხსოვნის წინაშე. მათი სიმამაცისა და გაუტეხლობის მაგალითი დღემდე გვახსენებს რანი ვართ და საიდან მოვდივართ.

ჩვენ ვიბრძოლებთ ისე, როგორც თქვენ იბრძოდით და ყოველთვის გვემახსოვრება, რომ თქვენ დასთმეთ სიცოცხლე საქართველოსთვის და თავისუფლებისთვის“, - განაცხადა ზალკალიანმა. მინისტრის კომენტარს საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები