ბონდო არველაძე ქართული ეკლესიები საქართველოსა და სომხეთში ნაწილი VII თავი II

30.08.16 17:50


ზემო ბეთლემის ღვთისმშობლის ტაძარი (თბილისი)

ბეთლემი სომხურ საკულტო ნაგებობად არის შეტანილი ს. კარაპეტიანის რუკა - ცნობარში, შესაბამისად ეპ. მირზახანიანის სიაში 3- ნომრად არის აღნიშნული, აშენების თარიღი უზის 1430-1437 წ.წ აღდგენილია 1500, 1718,1884-1900 წლებში. მიწერილი აქვს ,,გააქართულეს 1990- 1993 წლებში’’.
ამ ტაძრის მოკლე ისტორია ასეთია: გ. აღაიანცის მსგავსად ს. კარაპეტიანი ბეთლემის აშენების თარიღად 1500 წელს მიიჩნევს. უფრო საინტერესოა გავეცნოთ ბეთლემის სომხურობის თავგამოდებული დამცველის პ. მურადიანის შეხედულებას. მისი აზრით, ბეთლემის ისტორია მოკლედ ასე გამოიყურება: XIII ს-ის მეორე ნახევარში აქ აუშენებიათ ეგვტერი, შემდეგ ეკლესია, რომლის მშენებლობა დიდხანს გაგრძელებულა და რამდენიმე თაობას მიუღია მონაწილეობა. ბეთლემზე სომხური წარწერა XIV ს-ის პირველ ნახევარზე ადრე არ ჩანს. საყურადღებოა პ.მურადიანის მიერ მოხმობილი ორი წყარო: პირველი 1837 წლის ჰიშატაკარანი (ანდერძ- მინაწერი), რომლის მიხედვით XV ს-ში ვინმე დიაკონ კარაპეტას წიგნის წერა დაუსრულებია 1437 წელს, ე.ი ალექსანდეს მეფობის დროს.

თემურ ლენგის მიერ რვაგზის აოხრებულ ქვეყანას, დანგრეულ-დაქცეულ ეკლესია- მონასტრების აღდგენას საკმაო ხანი დასჭირდა. ამ საქმეს განსაკუთრებული ენერგიულობით ეწეოდა ალექსანდრე მეფე, (1412-1442). მის სახელთან არის დაკავშირებული თემურ ლენგის მიერ დანგრეული სვეტიცხოველის ,,კუალად აღშენება“. რუისის ეკლესიის დასავლეთ კარიბჭეზე გაკეთებული მხედრული წარწერა გვამცნობს ,,ზე ადიდენ ღმერთმან მეფეთა- მეფობა დიდისა ალექსანდრესი, რომლისა მიერ კვალად აღაშენა საყდარი ესე ’’ და სხვა.

განიხილავს რა ალექსანდრე მეფის დროს ქართული ეკლესია- მონასტრის ქტიტორულ წარწერებს ივ. ჯავახიშვილი გულისტკივილით წერდა- საქართველოში რომ ისტორიული ნაშთები ყოფილიყო შენახული და გადარჩენილი, უეჭველია, ჩვენი ციხის და ეკლესიის ან მონასტრის კედლებზე იქნებოდა ზემოთ მოყვანილი მსგავსი წარწერები.

თბილისი და მისი შემოგარენი მრავალგზის შეიმუსრა თემურ ლენგის ურდოებისგან. ვინც მტრის მახვილს გადაურჩა მთებს შეაფარა თავი. ამ დროს ბეთლემის ქართული ქტიტორული წარწერებიც თემურ ლენგის ურდოების ბარბაროსობას შეეწირა და დაიკარგა სამუდამოდ. მოხდა ის ტიპიური მოვლენა რაც ასეთი უბედურების შემდეგ ხდებოდა . ქართველები შეუპოვრად იცავდნენ სამშობლოს, მის დედაქალაქს, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ და მტერს შეაკვდნენ, ქართული ბეთლემი კი სომხების ხელში აღმოჩნდა.

ესეც არ იყოს საინტერესოა თემურ-ლენგის მიერ გავერანებულ ბეთლემში, როგორ გადაწერა წიგნი დიაკონმა კარაპეტამ?... ამაზე პ.მურადიანი პასუხს არ იძლევა!...
პ.მურადიანის დამოწმებული წყარო არის 1816 წლის 28 აპრილს მღვდლების ოვანეს ტერ-მკრტიჩიანის და მხითრ ტერ-სტეფანოსის მიერ გაგზავნილი ჩანაწერები კათოლიკოს ნერსეს აშტარაკეცისადმი, რომელშიც გადმოცემულია ბეთლემის მშენებლობის მიმდინარეობის არც თუ ხანმოკლე ისტორია, მაგრამ დოკუმენტი გვიან არის შედგენილი და ბუნებრივია მასში გადმოცემულია ამბების თვითმხილველი, ზემოთ დასახელებული პირები არ არიან, ისინი თუ რა წყაროს ეყრდნობოდნენ არ ჩანს. მხოლოდ წინაპრებისგან გაგონილ ამბებს ჩაუწერიათ, რაც მეცნიერულ საბუთად არ გამოდგება. პ. მურადიანსაც კი ეჭვი შეაქვს მათ სანდოობაში.

ქართული საისტორიო წყაროების მიხედვით ბეთლემი დაუარსებია ვახტანგ გორგასალს. ასევე მის სახელთან არის დაკავშირებული სიონის მეტეხის წმ. ჯვრის, გოლგოთის, წმ. მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიების აშენება.

ფრიად საყურადღებო ცნობას გვაწვდის პლ. იოსელიანი: “ Некоторые из армяно-григорианских церквей так же замечательны свою древностью. Их в Тифлисе всего 25 (Шесть из них, принадлежали православным) , как пишет И.Вахушти , не известно, по какому случаю владеют теперь армяне.

კონკრეტულად კი ბეთლემის შესახებ ამბობს «Церковь Петхаинская, основанная в 1500 году. В 1740 году , она возобновлена грузинским князем Гиви Амилахваровым. Первое основание положено Вахтангом Горгасали.

პლ.იოსელიანმა ამ მონოგრაფიის მეორე გამოცემაში უფრო დააზუსტა - ბეთლემის მართლმადიდებელ ეკლესიას სომხებმა სახელი შეუცვალეს და უწოდეს ფეთხაიმიო ეს მათი ჩვეული ხრიკებია, მაგრამ «По древней памяти к святыне и грузины посещали эту церковь» პ.იოსელიანი სომხების თავგასულობის გამო გაოცებული კითხულობს «Не известно по какому случаю владеют армяне?!» ეს კითხვა-კითხვად დარჩა და დღეს კი ბეთლემის გადაცემას კვლავ მოითხოვს სომხური მხარე?! ქართველი ერის და ეკლესიის თავზე დამტყდარი ეს უბედურება ისტორიულმა მიზეზებმა განაპირობა. პერმანენტული შემოსევებისგან გაპარტახებული ქართული ეკლესია-მონასტრებს უცერემონიოდ დაეუფლნენ შემოსახლებული და ლტოლვილი სომხები, ეს ხდებოდა არც თუ საკადრისი ხერხებით და გზებით, აქვე გვსურს შევნიშნოთ, არც თუ ისე იოლი ხელ წამოსაკრავია ზოგიერთ სომეხ მეცნიერს, რომ ჰგონია პლ.იოსელიანის ცნობა-თბილისელ ქართველთა ისტორიულ მეხსიერებაში დალექილი უძველესი ტრადიცია: ბეთლემის თავიდან ქართულობის შესახებ, რის გამოც ქართველები სალოცავად მაინც დადიოდნენ მოგვიანებით სომხურად ქცეულ ბეთლემში.

ბეთლემის შესახებ შემდეგი ცნობა დაცულია ეგ.იოსელიანის „ ტფილისის სიძველეების“ აღწერაში (1837), რომელიც პირველად გამოაქვეყნა ლ.მელიქსეთ-ბეგმა, როგორც უცნობი ავტორის თხზულება (ჟურ. „ჩვენი მეცნიერება“ 1923 N 1, გვ. 91). ამ აღწერის ეგ. იოსელიანის ავტორობა მოგვიანებით დაადგინა ც. ჭანკიევმა. მანვე დაამტკიცა, პლ.იოსელიანის ხელთ ჰქონია და გარკვეულწილად გამოუყენებია მამის, ეგ. იოსელიანის თხზულება

ეგ. იოსელიანი ბეთლემის შესახებ წერს:
,, აქა ასვენია ხატი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა ძველი მხატვრობით დახატული სასწაულმოქმედი, რომელსაც ესვენ სომეხნი და ქართველი ოთხი მღვდელნი. უკანასკნელნი მხრები და ლოფრინნი მისნი თქმულ არის, რომელიც იყუნენ ნამოქმედებელი საქართველოს თავადის გივის ამილახორისა შაჰყულიხანად წოდებულსა ხარჯითა’’ .

ამონარიდში ხაზგასმულია, მოგვიანებით სომხურად ქცეულ ბეთლემის სასწაულმოქმედ ხატს თაყვანს სცემდნენ გაგრიგორიანებულ ეკლესიაში ქართველი მღვდლები, რაც მოულოდნელია ქართული და სომხური ეკლესიების ოდითგან განხეთქილება და დაშორების ფონზე. აქ მოქმედებდა ის ფაქტი, რაც ზემოთ აღვნიშნე: ქართველი მრევლი ტრადიციის ინერციით რაღაც ეშმაკობით სომხურად ქცეულ ბეთლემში დადიოდა სალოცავად.

ცნობილია, პირველ ქრისტიანულ ეკლესიებს აშენებდნენ წარმართულ წმინდა ადგილებზე ან მათ მახლობლად. პლ.იოსელიანის ცნობით, ბეთლემის აღმოსავლეთით დგას აგურის კვადრატული შენობა (ამჟამად ნანგრევია შემორჩენილი). მას თბილისელები ,,საკერპოს’’ უწოდებდნენ. ძველი გადმოცემით ეს შენობა აგებული ყოფილა „ათეშგას“ კერპთაყვანისმცემელთა მიერ წმინდა ცეცხლის შესანახად. სწორედ, აქ აუგია ვახტანგ გორგასალს ბეთლემის ეკლესია. ძნელია თქვა, თუ როდის დაეპატრონენ სომხები ვახტანგ გორგასლის მიერ აგებულ ბეთლემს, რომელიც არაერთ გზის იქნა მტრებისაგან იავარქმნილი, მაგრამ არქეოლოგიური გათხრების დროს ნანახი არ უნდა სცილდებოდეს XIII ს-ის მეორე ნახევარს.

ასეა თუ ისე, ერთი ფაქტია, ბეთლემს მრვალგზის განუცდია გადაკეთება და ბუნებრივია ქართველთა მხრიდან არაერთგზის იყო მცდელობა, მისი უკან დაბრუნებისა. ფაქტია ის, რომ თავადმა გივი ამილახვარმა და არა გიორგი ამილახვარმა , როგორც პ.მურადიანს აქვს მოხსენიებული აღნიშნულ ნაშრომში (გვ.32) 1740 წელს ბეთლემის ეკლესია აღაშენა ახლებურად. გაუგებარი იქნებოდა ასეთი ქველმოქმედება გივი ამილახვრისა, რომელიც არავითარ შემთხვევაში ამდენ ხარჯს არ გაიღებდა სომხური ეკლესიის რესტავრაციის გამო. მას ხომ მტრისაგნ დაქცეული უამრავი ქართული ეკლესია მონასტერი ჰქონდა მისახედი. მან აღაშენა 1741 წელს ქაშუეთის აგურის ეკლესია, ახლანდელის წინამორბედი.

გივი ამილახვარი იყო ზემო ქართლის სადროშოს სარდალი და გორის მოურავი და ა.შ. ვიმეორებ გივი ამილახვარმა კიდევ არაერთი ციხე და ეკლესია აღადგინა ქართლსა და კახეთში, რაზეც შემორჩენილი წარწერები მოწმობენ.

ბეთლემის ქართული ეკლესიაც აღაშენა, მაგრამ ბოლოს მაინც სომეხთა ხელი აღმოჩნდა და დღეს აღსდგა სამართლიანობა და ბეთლემი დაუბრუნდა საქართველოს საპატრიარქოს. ისე რომ, ეპ.მირზახანიანის სიაში ბეთლემის შესახებ გაქართულებული კი არ უნდა ეწეროს, არამედ დაუბრუნდა მის პატრონს ქართველ ხალხს.

პ.მურადიანის მიერ მოტანილი სომხურ ეპიოგრაფიკულ მასალას რაც შეეხება, ის არის უტყუარი საბუთი სომხური სასულიერო პირების მძლავრობისა და ექსპანსიის ქართულ ეკლესიაზე და ბეთლემის თავიდან სომხურობას ვერ ამტკიცებს.

ყველაზე დიდია მტკიცე საბუთი ბეთლემის ეკლესიის ადრიდანვე ქართულობისა მაინც არის ქართული ხალხის ისტორიულ მეხსიერებაში მტკიცედ დამკვიდრებული აღნიშნული ტრადიცია.

დასასრულს, მსურს ვთქვა, როცა საქართველოს თავზე დიდი ღამე ჩამოწვა, მონღოლთა შემოსევა მოხდა (XIII ს) ისარგებლეს სომხებმა და მიისაკუთერეს ბეთლემი. ამ დროიდან გაჩნდა მის კედლებზე ქართულის მაგიერ სომხური წარწერები. ბეთლემის თავდაპირველ ქართულობაზე დუმს პ.მურადიანი, თუმცა დუმილი მისგან არცთუ მოულოდნელია. მას არ აწყობს და გვერდს უვლის, უგულებელყოფს ვახტანგ გორგასლის მიერ (V -ს) ბეთლემის ეკლესიის აშენების ტრადიციულ ცნობას. აგრეთვე კრინტს არ ძრავს პლ.იოსელიანის ცნობაზე და იფარგლება ეგ. იოსელიანი აღნიშნული თხზულებით. თქმა იმისა, რომ არ იცნობს პლ.იოსელიანის შრომებს, არ იქნება სწორი, მას იყენებს სხვა სამეცნიერო ნაშრომებში!...

ეპ. მირზახანიანის სომხურ მხარეს გადასაცემად ეკლესიათა სიაში ბეთლემი 3-ნომრით არის აღნიშნული.

მეცნიერულად დასაბუთდა, რომ ბეთლემი V -საუკუნიდან იყო ქართული საკულტო ნაგებობა. რაც შეეხება იურიდიულ მხარეს, ეპ. მირზახანიანმა უნდა წარმოადგინოს ქართველი მეფის სიგელი ან საბუთი ამ ტაძრის სომხების მიერ პირველად აშენების ნებართვის თაობაზე.

წაკითხულია : 424


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები