პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე - ჩვენი ძალისხმევა ორი ძირითადი ამოცანისკენ არის მიმართული - საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვა და ეკონომიკის სტაბილიზაცია

09.04.20 12:40


დღეს გვაქვს ორი ძირითადი გამოწვევა - ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა და ეკონომიკის სტაბილიზაცია და აღდგენა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

მისი შეფასებით, საქართველო ეფექტურად უმკლავდება პანდემიასთან დაკავშირებულ სირთულეებს - ჯანდაცვის სისტემა, ასევე, სხვა მოკავშირე სამსახურები მაქსიმუმს აკეთებენ მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად.

რაც შეეხება პროგნოზს, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ვითარების პროგნოზირება რთულია.

"ყველას აინტერესებს, თუ როგორია პროგნოზი - მსოფლიო მონაცემების გათვალისწინებით სხვადასხვა სცენარები განიხილება. ძირითადად, ეს არის შედარებით მოკლევადიანი, სეზონური და გრძელვადიანი სცენარები. ერთ-ერთი ვერსიით, საქართველოში მაისის ბოლოს - ივნისისთვის შესაძლებელია მოხდეს სიტუაციის სტაბილიზაცია, და შემდეგ უკვე კლებადი ტენდენციის ჩამოყალიბება. მეორე ვერსიაა, რომ ამან შეიძლება უფრო ხანგრძლივი ხასიათი შეიძინოს და თვეები დასჭირდეს, სანამ შემთხვევების რაოდენობა წავა მილევად რეჟიმში. ჩვენ, როგორც ხელისუფლება, ვალდებული ვართ, რომ ყველა სცენარისთვის ვიყოთ მზად.

ჩვენ გვეკისრება პასუხისმგებლობა, რომ ყველაზე რთული სცენარებისთვისაც კი მოვამზადოთ ქვეყანა და ჩვენი სამსახურები;

დაბეჯითებით წინასწარ იმის თქმა, თუ როგორ განვითარდება ეპიდემიოლოგიური სურათი - რთულია“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, აშკარად ჩანს, რომ საქართველო იმ გამონაკლის ქვეყნებს შორისაა, რომელმაც ვირუსის გავრცელების შეკავება შეძლო.

"თუ მიღწეული დაბალი გავრცელების შენარჩუნება შევძელით, ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ ოპტიმისტური სცენარი განვიხილოთ.

მომდევნო ორ კვირაში გამოჩნდება ახალ შემთხვევებსა და განკურნებულებს, კარანტინიდან გასულებს შორის ბალანსი როგორია - ამაზე ბევრია დამოკიდებული” , - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში.

არჩილ თალაკვაძის განცხადებას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები