ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკა -0.2-დან 2%-მდე შემცირდება – მსოფლიო ბანკი

09.04.20 15:40


მსოფლიო ბანკის შეფასებით, კორონავირუსის კრიზისით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენა 2021 წელს დაიწყება. ამის შესახებ საუბარია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული ეკონომიკურ მიმოხილვაში, რომელიც მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა წარმოადგინა.

COVID-19-ის პანდემიის დინამიკური ხასიათიდან გამომდინარე, ანგარიში ეკონომიკური მონაცემების მიმართ სცენართა ანალიზის მიდგომას ეფუძნება ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის სავარაუდო სცენარიებია:
2020 წელს რეგიონში იქნება ეკონომიკური ვარდნა;

ეკონომიკური ზრდა 2020 წლის განმავლობაში შემცირდება და აღმოჩნდება 2.8 და 4.8 პროცენტს შორის შუალედში, ხოლო 2021 წელს დაიწყება ეკონომიკის აღდგენა.

მსოფლიო ბანკის აზრით, ამ ვითარებაში დარგობრივი პოლიტიკის აუცილებლად გასატარებელი სამი ძირითადი ღონისძიებაა:

მთავრობის მხრიდან სწრაფი და მტკიცე მოქმედების აუცილებლობა ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერისა და გაძლიერების მიმართულებით, რაც აბსოლუტურად სასიცოცხლო მნიშვნელობისაა

ღარიბი და მოწყვლადი მოსახლეობის მხარდაჭერის უზრუნველყოფა და სოციალური დაცვის სათანადო

მექანიზმების ამოქმედება

ეკონომიკის აღდგენის მტკიცე ეკონომიკური პროგრამების არსებობა იმ პერიოდისთვის, როცა შეზღუდვების უმეტესობა მოიხსნება.

მსოფლიო ბანკმა COVID-19-ით გამოწვეულ კრიზისზე სწრაფი რეაგირების ფარგლებში, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის გადაუდებელი საჭიროებების მხარდასაჭერად, 14 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზება, ხოლო მომდევნო 15 თვის განმავლობაში 160 მლრდ. აშშ დოლარს გამოყოფს ეკონომიკის აღდგენის პროცესის ხელშეწყობის მიზნით.

რაც შეეხება საქართველოს, მსოფლიო ბანკი ელის COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის გამო საკმაოდ მნიშვნელოვან გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე, რაც, ძირითადად, განპირობებულია მოგზაურობის აკრძალვით. მსოფლიო ბანკის მოლოდინით, მშპ შემცირდება და 2020 წელს მოექცევა -0.2%-სა და 2%-ს შორის შუალედში, სანამ 2021 წელს ეკონომიკის აღდგენა დაიწყება.

“საბედნიეროდ, მთავრობამ გაატარა ფისკალურად გონივრული ღონისძიებები და შექმნა კაპიტალის ბუფერები, რომლებიც იძლევა კრიზისზე აქტიური რეაგირების საშუალებას. მიზანმიმართულად, სწრაფად და მტკიცედ მოქმედებდა მთავრობა ჯანდაცვის კუთხით ღონისძიებების გატარებისას იმისთვის, რომ დაეცვა ზემოქმედების ქვეშ მყოფი როგორც ოჯახები, ისე კომპანიები და დაეწყო ეკონომიკის აღდგენის გეგმის შემუშავება. რეალურად, საქართველოს მთავრობამ საყოველთაო შექება დაიმსახურა პანდემიასთან ბრძოლაში სიკვდილობის მაჩვენებლის მინიმალურ დონეზე შენარჩუნებით და მე ვფიქრობ, რომ ეს ქება ნამდვილად დამსახურებულია”, – განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.

მისი თქმით, მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობასთან ერთად მუშაობს კრიზისის პირველი დღიდან და ამჟამად ადგენს ინტერვენციების 3 სხვადასხვა პროექტს საქართველოს მოსახლეობის დასახმარებლად:

ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერა და მათი ხელშეწყობა მიზნობრივი სოციალური დახმარების მეშვეობით, ვისზეც ყველაზე დიდი გავლენა იქონია კრიზისმა;

ფართო სოციალური დაცვის სისტემის უზრუნველყოფა, რომელიც მომდევნო თვეების განმავლობაში შეძლებს საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას

ეკონომიკური აღდგენის აქტიური უზრუნველყოფა, კერძო სექტორის მხარდაჭერით, რომელსაც COVID-19 -ით გამოწვეულმა კრიზისმა უდიდესი დარტყმა მიაყენა, მაგალითად ტურიზმის და სოფლის მეურნეობის სფეროებში და სხვა დარგებში, რომლებიც განსაკუთრებით მგრძნობიარე აღმოჩნდა ზოგიერთი ამჟამინდელი სავაჭრო შოკის მიმართ.

“დღეს განსაკუთრებული დღეა საქართველოსთვის – 9 აპრილი. ეს არის დღე, რომელმაც მრავალმხრივად განაპირობა საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩემთვის არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ამ დღემ აჩვენა ქართველი ხალხის სიმტკიცე. აღნიშნულის, და საქართველოს გერბზე გამოსახული დევიზის – „ძალა ერთობაშია“ გათვალისწინებით, მსურს ვთქვა, რომ განვითარების მიმართულებით მომუშავე პარტნიორებთან, მთავრობასთან, პოლიტიკაში და საზოგადოებაში მოღვაწე ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ გადავრჩებით და ამ კრიზისიდან უფრო გაძლიერებული ამოვალთ”, – დასძინა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები