პოლიტიკა

გიორგი გახარიამ 9 აპრილის მემორიალი ტიტებით

09.04.20 18:00


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია რუსთაველის გამზირზე მდებარე 9 აპრილის მემორიალთან მივიდა და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მთავრობის მეთაურმა მემორიალი ტიტებით შეამკო.

გიორგი გახარიამ 9 აპრილის გმირები დღეს 112-ის ცენტრში ყოფნისას გაიხსენა.

მისი თქმით, 9 აპრილს საბჭოთა ჯარმა ჩაიდინა დანაშაული, რაც იყო უდიდესი ტრაგედია საქართველოს ისტორიაში.

მან საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა, გვახსოვდეს წარსული და ის ერთიანობის განცდა, რამაც 1989 წლის 9 აპრილიდან 1991 წლის 9 აპრილამდე მიგვიყვანა.

„მესმის, რომ დღეს ჩვენთვის ყველაზე დიდი ბრძოლის ხაზი გადის „კოვივიდ-19“-თან ბრძოლაზე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ისტორიაც. 31 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარმა ჩაიდინა დანაშაული. ეს დანაშაული იყო უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, თუმცა უდიდესი იმედიც.

ეს იმედი უკვე განხორციელდა ახალ 9 აპრილს, უკვე 1991 წელს, როდესაც ქვეყანამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ჩვენ დავიწყეთ სახელმწიფოებრიობის მშენებლობა უახლოეს ისტორიაში. რა თქმა უნდა, ჩვენი გმირების ხსოვნას ყოველთვის უნდა მივაგოთ პატივი, გვახსოვდეს, რომ ეს მსხვერპლი იმისთვის გავიღეთ, რომ შევქმნათ წარმატებული, ეფექტური სახელმწიფო და ეს ბოლო წლები სახელმწიფოს შექმნის პროცესში უნდა იყოს კიდევ უფრო ეფექტური და წარმატებული.

მინდა, როგორც ქედი მოვიხარო თითოეული მათგანის წინაშე, ასევე თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ახალ ბრძოლაში მოვუწოდო, გვახსოვდეს წარსული და ის ერთიანობის განცდა, რამაც 89 წლის 9 აპრილიდან მიგვიყვანა 91 წლის 9 აპრილამდე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები