პოლიტიკა

თეა წულუკიანი - შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციაა, მას მადლობა უნდა ვუთხრათ და არა ვუსაყვედუროთ, რატომ შეიწყალა ცხრა და არა 19 პატიმარი

10.04.20 15:20


„მთავარ არხსა“ და მათ პოლიტიკურ ძალას ყოველთვის ელანდებათ ციხეებში ამბოხი, კრიზისი და სხვა უბედურებები, რომლებსაც თავის დროზე, ციხეებში თავად დადგამდნენ, საპატიმროებში დღეს ძალიან ჯანსაღი მდგომარეობა გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მან უპასუხა „მთავარი არხის“კითხვას, რომლის თანახმადაც, „ციხეში 35-მა პატიმარმა ქალმა შიმშილობა დაიწყო, ისინი აპროტესტებენ პრეზიდენტის მიერ გამოცემულ შეწყალების აქტს, რადგან ამბობენ, რომ მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირები შეიწყალეს. რა მდგომარეობაა ქალთა ციხეში და როგორია, მოშიმშილეთა მდგომარეობა?“.

მინისტრის თქმით, საპატიმროში სიმშვიდეა.

„მთავარ არხსა“ და მათ პოლიტიკურ ძალას ყოველთვის ელანდებათ ციხეებში ამბოხი, კრიზისი და სხვა უბედურებები, რომლებსაც თავის დროზე, ციხეებში თავად დადგამდნენ ხოლმე. დღეს, ჩვენ საპატიმროებში ძალიან ჯანსაღი მდგომარეობა გვაქვს. პირველ რიგში, ქალებთან, რადგან ეს არის ჩვენი პოპულაციის და კონტიგენტის ის ნაწილი, რომელიც არის ძალიან სენსიტიური, რადგან მათ გარეთ მოხუცი მშობლები და შვილები ელოდებიან, მაგრამ ისინი არიან ყველაზე შეგნებული ნაწილი ჩვენი კონტიგენტის. არის სიმშვიდე. არავის არ უკვირს, რომ ყველა პატიმარს უნდა, თავის ოჯახს და თავისუფლებას დაუბრუნდეს დღესვე ან ხვალ დილით. ეს არის ყველა პატიმრის ოცნება და ნატვრა“ , – განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანმა საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა.

ამასთან, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა შეწყალების კრიტერიუმებზე და აღნიშნა, რომ მთავარი იყო, დანაშაული ძალადობრივი ხასიათის არ ყოფილიყო.

„მინდა, საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა, რადგან მთავარი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც შეწყალება მოხდა, იყო ის, რომ დანაშაული არ უნდა ყოფილიყო ძალადობრივი, ეს დანაშაული სამართლებრივი გაგებით მძიმე კატეგორიის რომც ყოფილიყო, ეს არ უნდა ყოფილიყო ძალადობრივი დანაშაული. მაგალითად, ალბათ, შეწყალება ვერ მოხდებოდა იმ ადამიანების, ვინც ციხეში საკუთარ შვილებზე ძალადობის გამო არის ან სხვა სახის ძალადობრივი ქმედება აქვს ჩადენილი. ამას არც საზოგადოება მიიღებდა და ალბათ, არც ობიექტური კრიტერიუმი არ იქნებოდა. ასევე, კრიტერიუმი იყო ის, რომ მოცემულ ადამიანს შინ უნდა ჰყოლოდა არასრულწლოვანი შვილები და სასჯელის გარკვეული, დიდი ნაწილი იყო თუ არა, მოხდილი. ამის გათვალისწინებაც მოხდა.

მადლობის გარდა, არაფერი მესმის. რა თქმა უნდა, ოდენობა შეიძლება იყოს მეტი, როგორც უწყების ხელმძღვანელს, მინდოდეს, რომ ბევრი პატიმარი სახლში ძალიან მალე წავიდეს, მაგრამ შეწყალების უფლება არის პრეზიდენტის დისკრეცია და ჩვენი ვალია, მას მადლობა ვუთხრათ, როცა საქმე არის სამადლობელი და არ ვუსაყვედუროთ მას, რატომ ცხრა და არა ვთქვათ – 19“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა და ცხრა მსჯავრდებული ქალი შეიწყალა.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები