საზოგადოება

ამირან გამყრელიძე - ახლა ყველაზე საპასუხისმგებლო კვირებია და მოსახლეობას მოვუწოდებ, რეკომენდაციები დაიცვას!

30.04.20 15:40


15 მაისამდე Covid 19-ით ინფექციაზე დღეში 1 500-დან 1 700-მდე კვლევის, ხოლო 15 მაისის შემდგომ 2000-დან 2 500-მდე კვლევის ჩატარება იგეგმება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე PCR ტექნოლოგიით კვლევას 12 ლაბორატორია აწარმოებს და კიდევ 3-ის დამატება იგეგმება. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, როდესაც შეზღუდვების შერბილება ხდება, აუცილებელია, რომ საზოგადოებისთვის PCR კვლევები უფრო ხელმისაწვდომი იყოს.

„ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ლაბორატორიული კვლევების გაფართოების საკითხი. ძირითადი აქცენტი მოლეკულურ კვლევებზეა. დღეს ჩვენ გვქონდა პიკი - ერთ დღეში 12 ლაბორატორიაში ჩატარდა 1 096 კვლევა. კვლევებში 5 ლაბორატორიიდან 12 ლაბორატორიამდე ავედით და იქითა კვირიდან კიდევ 3-ის დამატებაა გათვალისწინებული.

გვინდა, რომ მაისის 15 რიცხვამდე დღიურად 1 500-დან 1700-მდე კვლევა ვაწარმოოთ. 15 მაისის შემდგომ უკვე 2 000-დან 2 500 კვლევამდე ასვლას ვაპირებთ . როდესაც შეზღუდვითი ღონიძიებების შემსუბუქება ხდება, აუცილებელია, უფრო ფართომასშტაბიანი და უფრო ფართო ხელმისაწვდომობა იყოს PCR კვლევაზე. ასევე მეორე მხრივ, აუცილებელია ჰოსპიტალური სისტემის და პირველადი ჯანდაცვის სისტემის სრული მზადყოფნა. აი, ამ მიმართულებით მიდის ახლა ქვეყანა. ვფიქრობ, რომ აქამდე გატარებულმა ზომებმა, რაც სახელმწიფომ, საზოგადოებამ - ყველამ ერთად გაატარა, მოგვიყვანა იქამდე, რომ ჩვენთან ინფექცია ჯერჯერობით ისევ დუნედ იზრდება, ანუ არ გვაქვს დიდი ნახტომისებური ზრდები,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა რეკომენდაციების დაცვისკენ, რადგან მისივე თქმით, ქვეყანაში ახლა ყველაზე უფრო საპასუხისმგებლო კვირებია.

„ყველა ქვეყნისთვის შიდა გავრცელების დაწყებიდან მე-6, მე-7, მე-8 კვირა გახლავთ ყველაზე უფრო საპასუხისმგებლო კვირები და მოსახლეობას მოვუწოდებ, ყველა რეკომენდაცია, რასაც ჯანდაცვის სექტორი იძლევა, დავიცვათ. მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენი ქვეყანა ამ ეპიდემიიდან შედარებით ნაკლები დაზანებით გამოვა,“ - აღნიშნა მან.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები