საზოგადოება

თურნავა: ტურისტების მიმოსვლა აღდგება, სხვა ქვეყნებთან უსაფრთხო დერეფნებს გავხსნით

01.05.20 15:40


ეკონომიკის მინისტრის ნათია თურავას განცხადებით, საქართველოში ტურიზმი ისეთი ტრადიციული აღარ იქნება, როგორც აქამდე იყო. ტურისტული ინდუსტია პოსტკორონა პერიოდის მოთხოვნების მიმართ მოემზადება.

მისი თქმით, საქართველო სხვა ქვეყნებთან უსაფრთხო დერეფნებს გახსნის და ტურისტების მიმოსვლა აღდგება.

ნათია თურნავას განცხადებით, ტურიზმთან დაკავშირებით ახალი გეგმა დამუშავების პროცესშია.

"ტურიზმი ერთ-ერთი ის ინდუსტრიაა, რომელსაც დღეს სჭირდება შველა. ტურიზმი დღემდე ძალიან დიდი შემომტანი იყო ჩვენს ეკონომიკაში, ძალიან დიდი დამსაქმებელი, გვერდში ედგა მთლიანად საქართველოს და ახლა ჩვენი გვერდში დგომა სჭირდება მას. თუ კი სხვა ბიზნესები უფრო მალე ამოიქოქება, ტურიზმში, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ქვეყანა ერთდროულად ვერ დაძლევს პანდემიას და ჯერ კიდევ შენარჩუნდება შეზღუდვები, განსხვავებულ პრობლემებთან გვაქვს საქმე.

სწორედ ამიტომ, ტურიზმისთვის ჩვენ ვამზადებთ სპეციფიურ ანტიკრიზისულ გეგმას.

ტურიზმის ინდუსტია ეს არ არის მხოლოდ სასტუმროები, ეს არის ძალიან დიდი სექტორი გიდების, რომლებსაც დღეს ძალიან გაუჭირდათ, რადგან შემოსავლის წყარო აღარ აქვთ. ეს არის ძალიან დიდი სეგმენტი ტუროპერატორების. სატრანსპორტო კომპანიები, ვინც აქამდე ტურისტების სხვადასხვა ღისშესანიშნავ ადგილებზე ტარებით იყო დაკავებული.

ჩვენ გვაქვს შანსი, რომ საქართველო წლის დასასრულს გახდეს უსაფრთხო დანიშნულების ადგილი. რადგან ახალი ტურიზმი აღარ იქნება ისეთი ტრადიციული, როგორც აქამდე იყო, ახალი მოთხოვნები დაისმება ტურიზმის მიმართ.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ტურისტული ბიზნესი შევამზადოთ, ტურისტული ინდუსტრია ახალი პოსტკორონა პერიოდის მოთხოვნების მიმართ. ჩვენ ვიქნებით ქვეყანა, რომელიც ერთ-ერთი პირველი გახსნის ამ უსაფრთხო დერეფნებს სხვა ქვეყნებთან და კვლავ აღდგება ტურისტების მიმოსვლა, თუმცა, ჩვენ გვმართებს განსაკუთრებული შრომა. ეს გეგმაც მუშავდება, მთავრობაში შეთანხმების შემდეგ გახდება ცნობილი ჩვენი ტურისტული ინდუსტრიისთვის", - აღნიშნა ნათია თურნავამ.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები