საზოგადოება

მთაწმინდის ფერდობის ლანდშაფტის აღდგენა იწყება

08.05.20 15:00


თბილისის მერია მთაწმინდის ფერდობის აღდგენის პროექტს იწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პროექტი ფონდ "ქართუსთან" შეთანხმების ფარგლებში განხორციელდება, რომელიც მთაწმინდის ფერდის ტყის ნალდშაფტის სრულ აღდგენა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

"ჩვენ ეკოლოგიური მიმართულებით სერიოზული პრობლემები გვაქვს დედაქალაქში. ათეული წლების წინ დარგული ფიჭვები, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია და ამ ფიჭვების დიდი პროცენტი გამხმარია, საჭიროებს ჩანაცვლებას.

ჩვენი მთავარი მიზანი მთაწმინდის ფერდობის ლანდშაფტის 4 სეზონად გადაქცევაა, რაც მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების, ასევე ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარის განაშენიანება-რეაბილიტაციას გულისხმობს.

ამჟამად მიმდინარეობს პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი სამუშაოები, და აქვე მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ამ მხარდაჭერისთვის", - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, ამ კონკრეტული პროექტისთვის გამოყოფილია 16 მილიონი, იმისთვის, რომ მოხდეს არსებული ხე-მცენარეების ჩანაცვლება.

"ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება, იმისთვის, რომ ჩვენ ქალაქში გავაუმჯობესოთ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი, რომელიც ბევრი კომპონენტისგან შედგება, ის პროექტები, სამუშაოები, რომელსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს, ემატება ეს მნიშვნელოვანი პროექტი, დაახლოებით 700 ჰა-ზეა საუბარი, რომელიც მთლიანად იქნება განახლებული და ჩანაცვლებული, მოწესრიგებული მთაწმინდის ფერდი", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, 2020 წელს თბილისის მერიას მწვანე პოლიტიკის მიმართულებით არაერთი პროექტი აქვს დაგეგმილი, რომლის შესახებაც საზოგადოება ინფორმირებული ეტაპობრივად გახდება.

"თბილისს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, იყოს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქალაქი.

გარწმუნებთ, თბილისი აუცილებლად იქნება სიცოცხლით, სილამაზითა და სიმწვანით სავსე ქალაქი", - აცხადებს კახა კალაძე.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები