საზოგადოება

მთაწმინდის ფერდობზე 700 ჰექტარი ტერიტორია გამწვანდება

08.05.20 17:00


ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, თბილისის მერიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, მთაწმინდის ფერდობებზე არსებული დაზიანებული ნარგაობების აღდგენის სამუშაოები იწყება.

პროექტი, რომლის პრეზენტაციაც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ფონდი „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად გამართა, მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის აღდგენა-რეაბილიტაციასა და ტურისტულად მიმზიდველი გარემოს შექმნას ითვალისწინებს.

თბილისის მერმა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, ასევე, პროექტის ავტორს, თემურ ტყემალაძეს მადლობა გადაუხადა.

„ფონდ „ქართუსთან“ შეთანხმების ფარგლებში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს დედაქალაქის გულის - მთაწმინდის ფერდობის აღდგენის პროექტს, რომელიც მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის სრულ აღდგენა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ჩვენი მთავარი მიზანი მთაწმინდის ფერდის ლანდშაფტის ოთხ სეზონად გადაქცევაა, რაც მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების, ასევე, ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარის განაშენიანება-რეაბილიტაციას გულისხმობს. ამჟამად, მიმდინარეობს პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი სამუშაოები. მსურს, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ამ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.

ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების განხორციელება იმისთვის, რომ ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ. იმ ყველაფერს, რომელიც თბილისის მერიის მიერ ხორციელდება და ბევრი კომპონენტისგან შედგება, ეს მნიშვნელოვანი პროექტი ემატება. 2020 წელს ქალაქის მერიის მწვანე პოლიტიკის მიმართულებით, არაერთი პროექტია დაგეგმილი. თბილისს აქვს უდიდესი პოტენციალი, იყოს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქალაქი. გარწმუნებთ, რომ ჩვენი დედაქალაქი აუცილებლად იქნება სიცოცხლით, სილამაზითა და სიმწვანით სავსე ქალაქი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის განხორციელების მთავარი მიზანი არსებული ფერდის ლანდშაფტის ოთხ სეზონად გადაქცევაა, რაც მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების, ასევე, ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარის განაშენიანება-რეაბილიტაციას გულისხმობს. საერთო ჯამში, დაახლოებით, 700 ჰექტარი ტერიტორია გამწვანდება.

შეთანხმების თანახმად, ფონდი „ქართუ“ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დეგრადირებული ტყეებისა და ფართობების აღდგენის, ასევე, რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს 16 მლნ ლარის ფარგლებში დააფინანსებს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები