საზოგადოება

შსს აცხადებს, რომ „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული 13 პირი დააკავა

20.05.20 15:40


შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალურმა პოლიციამ გენერალურ პროკურატურასთან ერთად „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ძალადობის ბრალდებით 13 პირი დააკავა. შესაბამის განცხადებას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებები რამდენიმე ქალაქში — თბილისში, ცაგერში, ხაშურსა და ბათუმში მოხდა.

დაკავებულების ნაწილს — 3 პირს ბრალი ედება „ქურდული სამყაროს“ წევრობაში, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ძალადობაში, 2 პირს — „ქურდული სამყაროს“ წევრობაში, 6 პირს — „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის ან „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვაში, კიდევ 2-ს — „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის ან „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვასა და „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერაში.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ამ დანაშაულებისთვის სსკ-ით თავისუფლების 3-დან 10-წლამდე აღკვეთაა გათვალისწინებული.

შსს-ის განცხადების თანახმად, „ქურდული სამყაროს“ წევრებმა ბიზნესმენი მოტყუებით მიიყვანეს ბინაში, სადაც აღუკვეთეს თავისუფლება და „ტელეფონის მეშვეობით დაალაპარაკეს საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდს“, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც, გათავისუფლების სანაცვლოდ, 7500 აშშ დოლარი გამოსძალეს. აგრეთვე, ძალადობითა და სისტემატიური ზეწოლის გზით, 50 000 ამერიკული დოლარის 2 თვის ვადაში გადახდა დააკისრეს“.

აგრეთვე, დაკავებულებიდან 2 პირი, შსს-ის ცნობით, „2020 წლის მარტში და აპრილში მოდავე მხარეების მიმართვის საფუძველზე, ავტომანქანების გასხვისებასთან დაკავშირებულ დავებში ჩაერთნენ. საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდების მხარდაჭერით მოაწყვეს ქურდული გარჩევები და სხვადასხვა მხარეებს გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს. მიღებული თანხა კი, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდასაჭერად გამოიყენეს“.

გარდა ამისა, შსს-ის ცნობით, „სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 3 ძვირადღირებული ავტომანქანა, 16 000 აშშ დოლარი, კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ“.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები