პოლიტიკა

დავით ზალკალიანსა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

21.05.20 16:20


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და მის იაპონელ კოლეგა ტოშიმიცუ მოტეგს შორის დღეს სატელეფონო საუბარი გაიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი იაპონური მხარის ინიციატივით შედგა. მხარეებმა ერთმანეთს კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავების პროცესში მიღებული ზომები და არსებული ვითარება გაუზიარეს.

„იაპონურმა მხარემ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის მიერ ვირუსის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება იაპონიის მიერ პანდემიასთან გამკლავების მიზნით, საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის, პანდემიასთან საბრძოლველად ანტივირუსულ პრეპარატ „ავიგანის“ და სხვა სამედიცინო აღჭურვილობის მოწოდების შესახებ“, – აღნიშნულია საგარეო უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.

განსაკუთრებული აქცენტი განახვილდა პანდემიის შედეგად დაზარალებული ეკონომიკისა და ტურიზმის სექტორის მხარდაჭერაზე. დავით ზალკალიანმა კოლეგას გააცნო საქართველოს მთავრობის ხედვა ტურიზმის სექტორის სწრაფი რეაბილიტაციის მიმართულებით, ქართული მხარე მიესალმა იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ზომების შედეგად, დაბალი რისკის კატეგორიის ქვეყნებში შეყვანის ფაქტს და გამოთქვა მზადყოფნა, საქართველოში უმასპინძლოს იაპონელ ტურისტებს.

ამასთან, უწყების ცნობით, მხარეები მიესალმნენ 2019 წელს, ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების ოფიციალური მოლაპარაკებების დასრულებას, როგორც ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კუთხით, მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს.

„კმაყოფილებით აღინიშნა, რომ უმსხვილესმა იაპონურმა „ტოკიოს ელექტროენერგიის კომპანიამ“ (TEPCO) საქართველოში ინვესტიციის განხორციელება გადაწყვიტა და შპს „დარიალი ენერჯის“ აქციათა 31.4 პროცენტი შეიძინა, რითაც ოფიციალურად ჩაერთო დარიალის ჰიდროენერგეტიკული პროექტის განხორციელებაში. ხაზი გაესვა ეკონომიკურ სფეროში პარტნიორობის გაღრმავების აუცილებლობას და გამოითქვა მზადყოფნა მომავალი მჭიდრო თანამშრომლობისთვის. ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისის საქმიანობა და ამ კონტექსტში გასულ წელს, ქვეყნებს შორის გაფორმებული მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც იაპონელი მოხალისეების საქართველოში მოვლინებას გულისხმობს“, – აღნიშნავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საუბარი ასევე წარიმართა მრავალმხრივ ფორმატებში ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე და გამოითქვა კმაყოფილება ამ მიმართულებით არსებულ დადებით დინამიკაზე. ამასთან, მხარეებმა მომავალ მჭიდრო თანამშრომლობასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოთქვეს.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები