პოლიტიკა

ვიქტორ დოლიძე ნატო-ში საქართველოს წარმომადგენელი ხდება

22.05.20 14:20


ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობაზე ალექსანდრე მაისურაძე ვიქტორ დოლიძე შეცვლის. ამის შესახებ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ალექსანდრე მაისურაძემ დაასრულა 5 წლიანი ვადა ამ თანამდებობაზე. ის მუშაობს ჟენევაში გააგრძელებს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობაზე.

სწორედ ჟენევაში მუშაობდა ვიქტორ დოლიძე, რომელიც ამჟამად ნატო-ში წარადგენს საქართველოს.

დოლიძე 2016-2017 წლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პოსტს იკავებდა. 2012 წელს ის საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა “ქართული ოცნების” კოალიციის ფარგლებაში, დოლიძე კოალიციაში შემავალი “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი იყო, თუმცა პარტია 2016 წლის არჩევნების შემდეგ დატოვა. ამ არჩევნებში პარტიამ ბარიერი ვერ გადალახა და პარლამენტში ვერ მოხვდა.

სხვადასხვა დროს მას ეკავა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტის, ავსტრიასა და საბერძნეთის რესპუბლიკასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციები. პოლიტიკურ მოღვაწეობამდე ვიქტორ დოლიძე ეწეოდა დიპლომატიურ საქმიანობას. 2005-2009 წლებში გახლდათ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიისა და უნგრეთის რესპუბლიკებში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლი ეუთოსა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და საქართველოს დიპლომატიურ მისიებში საზღვარგარეთ. 2004-2005 წლებში ასევე გახლდათ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს საერთაშორისო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები