საზოგადოება

გამყრელიძე ტურისტის შემოსვლის ერთ-ერთ სავარაუდო პირობას ასახელებს

22.05.20 18:00


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საზღვრების გახსნისას სპეციალური ღონისძიებების გატარება იქნება აუცილებელი, რაც გულისხმობს ქვეყანაში შემომსვლელი ვიზიტორების კოვიდ-19-ზე შემოწმებას და ქვეყნების პრიორიტეტებად დალაგებას ინფექციის გავრცელების მაჩვენებლის მიხედვით. ამის შესახებ გამყრელიძემ დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ტურისტების მიღება მოხდება საერთაშორისო და საკოორდიანციო საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე. პირველ რიგში, ეს იქნება ე.წ. მწვანე ქვეყნებიდან და მწვანე დერეფნებიდან მიღებული ტურისტები, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი არის შედარებით დაბალი და, რა თქმა უნდა, იქნება პირობები მათი ქვეყანაში შემოსვლის და გადაადგილების. ჩვენ მაქსიმალურად ისეთ პირობებს დავაწესებთ, რომ იყოს ადვილად შესრულებადი და ადამიანს მოუნდეს ჩამოსვლა. ჩვენი მოქალაქეებიც უნდა გავიდნენ სადღაც და, შესაბამისად, ეს იქნება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი განმარტებით, სხვა ქვეყნიდან შემოსულ ადამიანებს, ალბათ, ექნებათ ე.წ. კოვიდპასპორტები, სადაც დადასტურებული უნდა იყოს, რომ პირს ბოლო 72 საათის განმავლობაში პისიარ ტესტზე უარყოფითი პასუხი დაუდასტურდა:

“ალბათ შემოდის კოვიდის პასპორტივით, რომ ბოლო 72 საათში უნდა იყოს გამოკვლეული და უნდა გქონდეს უარყოფითი რეაქცია პისიარით. ასევე არსებობს მიდევნების აპლიკაციები და სხვა ბევრი მექანიზმებია ამის, რომლის გამოყენებას წარმატებით იწყებს უკვე საბერძნეთი და ზოგიერთი პოპულარული ტურისტული ცენტრები. საქართველო მიმზიდველი ამ თვალსაზრისით იქნება იმიტომ, რომ ჩვენთან ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი მოსახლეობაში არ არის მაღალი, ამიტომ საქართველოს ტურისტული პოტენციალი ძლიერია”, – განმარტა გამყრელიძემ. მან ასევე აღნიშნა, რომ ტურიზმის განვითარებასთან ერთად გაფართოვდება ტესტირების სიმძლავრეც.

გარდა ამისა, ბრიფინგზე გამყრელიძემ განაცხადა, რომ წელს განსაკუთრებით პრიორიტეტული უნდა გახდეს საქართველოსთვის შიდა ტურიზმი, რადგან ქვეყანაში ინფექციის გავრცელების დონე დაბალია.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები