პოლიტიკა

დავით ზალკალიანი დიასპორის წარმომადგენლებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

26.05.20 10:45


საგარეო საქმეთა მინისტრი დიასპორის წარმომადგენლებს დამოუკიდებლობის და ქართული დიასპორის დღეს ულოცავს.

დავით ზალკალიანი სპეციალურ ვიდეომიმართვაში COVID-19 პანდემიასთან ბრძოლის პროცესში სახელმწიფოსა და დიასპორის თანამშრომლობაზე საუბრობს და მადლობას უხდის საზღვარგარეთ მოქმედ დიასპორულ ორგანიზაციებს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამრევლოებს და დიასპორის თითოეულ წარმომადგენელს პანდემიით გამოწვეულ რთულ პერიოდში თანამემამულეების დახმარებისა და მათი გვერდში დგომისთვის.

„პანდემიის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მითითებით, საგარეო უწყებას ორი მთავარი ამოცანა დაესახა - უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნება და ადგილზე მათთვის დახმარების აღმოჩენა. ჩვენმა სახელმწიფომ წარმატებით გაართვა თავი ამ ამოცანას და შედეგად, საქართველოს წამყვანი პოზიციები უკავია იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც შეძლეს პანდემიის პირობებში უცხოეთში მყოფი თანამემამულეებისთვის ეფექტიანი დახმარების აღმოჩენა. სახელმწიფოს ხელშეწყობით სამშობლოში დაბრუნდა 13,000-მდე მოქალაქე, ხოლო, ადგილზე დახმარება აღმოვუჩინეთ 21,000-ზე მეტ თანამემამულეს”-აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი.

დავით ზალკალიანი ვიდეომიმართვაში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული საგრანტო პროგრამის „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ პროექტზეც საუბრობს, რომლის ფარგლებში დაფინანსდება საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ის ინიციატივები, რომლებიც მიმართული იქნება კრიზისის შემდგომ პერიოდში უცხოეთში მყოფი თანამემამულეების დახმარებაზე.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს პრიორიტეტად რჩება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვა.

„უდიდესი მნიშვნელობა აქვს უცხოეთში მყოფ ქართველ ახალგაზრდებთან და სტუდენტებთან ურთიერთობას. შესაბამისად, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ახალგაზრდულ საკითხებს და სამშობლოში ახალგაზრდა, პროფესიონალი კადრების მოზიდვას. გაფართოვდება პროგრამის - "იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი" ქვეყნების არეალი და გაიზრდება პროექტში ჩართული ახალგაზრდების რიცხვი. სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) ერთად გააგრძელებს პროგრამას - „საქართველოს მაღალპროფილური დიასპორის ჩართულობა ქვეყნის განვითარებაში“ და წარმატებული დიასპორელების ღვაწლის დაფასებას. „-განმარტავს საგარეო საქმეთა მინისტრი.

დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველომ წარმატებით შეძლო პანდემიის მართვა, რაც არაერთხელ იქნა აღიარებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ასევე ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მიერ. საგარეო საქმეთა მინისტრი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს მოუწოდებს, აქტიურად ჩაერთონ საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციის პროცესში.

„საქართველოს გააჩნია კონკურენტული უპირატესობა, კვლავ იქცეს ტურისტულად მიმზიდველ, უსაფრთხო დანიშნულების ადგილად და გვაქვს საფუძვლიანი ამბიცია 1 ივლისიდან ვუმასპინძლოთ საერთაშორისო ვიზიტორებს. ამ პროცესში მნიშვნელოვანია თქვენი როლი და მოგიწოდებთ, საქართველოს საელჩოებთან ერთად, კვლავაც აქტიურად ჩაერთოთ ჩვენი ქვეყნის პოზიტიური იმიჯის განმტკიცებისა და მისი შესაძლებლობების წარმოჩენის პროცესში.”-აცხადებს დავით ზალკალიანი.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები