პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტში დღეს გიორგი გახარიას მოუსმენენ

27.05.20 10:00


საქართველოს პარლამენტში დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოუსმენენ. მთავრობის მეთაური საკანონმდებლო ორგანოში კოვიდ19-ის მართვასთან დაკავშირებით ანგარიშს წარადგენს. პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

მას შემდეგ, რაც დეპუტატები მთავრობის მეთაურისგან ანგარიშს მოისმენენ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.

დღევანდელ პლენარულ სხდომას დაესწრება საპარლამენტო ოპოზიციაც. კითხვები, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლები პრემიერს დაუსვამენ, შეეხება ქვეყანაში შექმნილ რთულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ანტიკრიზისულ და პოსტკრიზისულ გეგმას, მოსახლეობისთვის კომპენსაციის მიცემის წესსა და სხვ.

რაც შეეხება უმრავლესობის პოზიციას, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრის მიერ ანგარიშის წარდგენისას მწვავე პოლიტიკური დისკუსია იქნება, თუმცა მთავარი მაინც ის არის, რომ ქვეყანამ პანდემიას თავი ღირსეულად გაართვა.

აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მისვლას საპარლამენტო ოპოზიცია და დამოუკიდებელი დეპუტატები, დაახლოებით, 2 თვის განმავლობაში ითხოვდნენ. მათი განცხადებით, ვიდრე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ხელმეორედ გამოცხადდებოდა, მთავრობის მეთაური დეპუტატების წინაშე ანგარიშვალდებული იყო, რომ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები