პოლიტიკა

მაია ცქიტიშვილი - ლუგარის ლაბორატორია ემსახურება ჩვენი მოქალაქეების ჯანდაცვას და ყველა ერთად, ძალიან დარწმუნებით უნდა აღვუდგეთ წინ ამ რუსულ ნარატივს

28.05.20 15:40


შემიძლია გითხრათ, რომ ლუგარის ლაბორატორია ემსახურება ჩვენი მოქალაქეების ჯანდაცვას და ჩვენ ყველა ერთად, ძალიან დარწმუნებით უნდა აღვუდგეთ წინ ამ რუსულ ნარატივს, - ასე ეხმაურება ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას, რომ საქართველოში ლუგარის ცენტრის დათვალიერებისას რუს სპეციალისტებს ლაბორატორიის საქმიანობის გასაცნობად, შენობის ყველა კორპუსში დაშვების უფლება უნდა მიეცეთ.

როგორც მაია ცქიტიშვილი აცხადებს, საერთაშორისო პარტნიორებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ნაწილში ლუგარის ცენტრი ყველასთვის ღიაა.

„სამწუხაროდ, უკვე ძალიან ბევრი წლის განმავლობაში რუსეთის მხრიდან ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით პროვოცირებას აქვს ადგილი და ბუნებრივია ყველამ კარგად ვიცით, რომ ლუგარის ცენტრი ემსახურება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას. ლუგარის ცენტრი რომ არ გვქონოდა, ჩვენ არ ვიქნებოდით ასეთი წარმატებულები კორონავირუსთან ბრძოლაში და რაც შეეხება ნებისმიერი ასეთი სახის რუსული ნარატივის გავრცელებას, ან პროპაგანდას, რომ ლუგარის ცენტრი შესაძლო საფრთხეს შეიცავს, საერთაშორისო ექსპერტებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არაერთხელ ჰქონდათ საშუალება გაცნობოდნენ თუ რა კეთდება ლუგარის ცენტრში.

ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობის ფარგლებში არერთხელ შევთავაზეთ სხვადსხვა ორგანიზაციებს იქ შესვლა. რა თქმა უნდა, ეს ცალკეულ ქვეყანასთან ურთიერთობის ნაწილი ვერ გახდება, მითუმეტეს რუსეთთან. თუმცა საერთაშორისო პარტნიორებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ნაწილში ყველასთვის ღიაა ლუგარის ცენტრი,“-აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო უწყებამ მორიგი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში ლუგარის ცენტრის დათვალიერებისას რუს სპეციალისტებს ლაბორატორიის საქმიანობის გასაცნობად, შენობის ყველა კორპუსში დაშვების უფლება უნდა მიეცეთ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები