პოლიტიკა

დღეს საქართველოს პარლამენტში გიორგი გახარიას მოუსმენენ

29.05.20 11:00


საკანონმდებლო ორგანოში დღეს პრემიერ-მინისტრს მოუსმენენ. გიორგი გახარია პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" ფრაქციებმა ინტერპელაციის წესით დაიბარეს. თემები, რაზეც ოპოზიციონერი დეპუტატები პრემიერ-მინისტრს კითხვებს დაუსვამენ, შეეხება კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილ კრიზისს, შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების დახმარებისა და ეკონომიკური აღდგენის გეგმას, ეროვნული ვალუტის გაუფასურებას და სხვ.

უფრო კონკრეტულად, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის მეთაურისგან დაინტერესდება: რატომ ვერ მოხერხდა სიღარიბის შემცირება ქვეყანაში და რა გავლენა მოახდინა საგანგებო მდგომარეობის პირობებში ხელისუფლების მიერ დაშვებულმა შეცდომებმა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუარესებაზე? რა მდგომარეობაშია ქვეყანაში ბავშვთა სიღარიბე? როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში პენსიონერების სიღარიბის ზრდის შეჩერება, მზარდი ფასებისა და ლარის გაუფასურების პირობებში?

"ევროპული საქართველოს" მიერ გიორგი გახარიასთვის დასასმელი შეკითხვები კი შემდეგია: მწვავე ეკონომიკური კრიზისის დროს, რატომ არ შემცირდა საშემოსავლო გადასახადი და ნავთობპროდუქტებზე აქციზის ოდენობა? რატომ არ განულდა 2020 წლის ქონების გადასახადი ეკონომიკის ყველა სექტორისთვის? ასევე, რატომ არ შეიცვალა დღგს დაბეგვრის წესი? რატომ არ უბრუნდებათ მოქალაქეებსა და მეწარმეებს საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხა? რატომ რჩება თვითდასაქმებულთა დიდი ნაწილი დახმარების გარეშე? მათ ვინც სამსახური დაკარგა, რატომ სთავაზობს მთავრობა საარსებო მინიმუმზე ნაკლებ დახმარებას? რატომ დაგვიანდა ანტიკრიზისული გეგმის წარდგენა და ყველაზე კრიტიკულ თვეებში რატომ დატოვა მთავრობამ მოქალაქეები დახმარების გარეშე? რატომ არ ამცირებს მთავრობა ბიუროკრატიულ ხარჯებს?

საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვების აღსრულებისას რატომ ჰქონდა ადგილი შერჩევით მიდგომას?

ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრის პარლამენტში გამოსვლა 14:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში 2 დღის წინ, 27 მაისსაც იმყოფებოდა. მან დეპუტატებს პანდემიის დროს მთავრობის საქმიანობის შესახებ წარუდგინა ანგარიში.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები