პოლიტიკა

საქართველოს მთავრობა - 2019 წელს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა

01.06.20 15:20


საქართველოს მთავრობას მიაჩნია, რომ 2019 წელს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა.

მთავრობის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის წარდგენილ წლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ გაიმართა კონსულტაციები და მაღალი დონის შეხვედრები თბილისში, ბრიუსელსა და ნატო-ს წევრი ქვეყნების დედაქალაქებში. მთავრობა აღნიშნავს, რომ საქართველო ეფექტიანად იყენებდა ნატო-ში ინტეგრაციის ყველა ინსტრუმენტს, კერძოდ, ნატო-საქართველოს კომისიას (NGC), წლიურ ეროვნულ პროგრამასა (ANP) და ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს (SNGP).

„საქართველოს ვიზიტით ეწვია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მადლენ მუნი.

ბათუმში გაიმართა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) რიგით მეხუთე ვიზიტი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გოტმიოლერი. ვიზიტის ფარგლებში: მიღებულ იქნა ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივი განცხადება, რომელიც მოიცავს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის თითქმის ყველა მიმართულებას; მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განახლებისა და გაუმჯობესების შესახებ (refresh and update); მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების თემაზე საქართველოს ალიანსთან თანამშრომლობის საკითხებს. ქართულმა მხარემ ნატო-ს საერთაშორისო სამსახურს გადასცა წინადადებები არსებითი პაკეტის განახლებასთან დაკავშირებით. 2020 წლის 2 აპრილს შემჭიდროებულ, დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი. მინისტერიალზე მოკავშირეებმა მიიღეს გადაწყვეტილება შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის ახალი ზომების თაობაზე, რომელიც მოიცავს: საქართველოსა და უკრაინის მეტად ჩართვას შავ ზღვაზე დაგეგმილ ნატო-სა და წევრი ქვეყნების სწავლებებსა და წვრთნებში;

ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ თანამშრომლობის გაღრმავებას; საქართველოს ჩართვას შავი ზღვის რეგიონის საჰაერო სივრცის მონაცემთა გაცვლის რეგიონულ პროგრამაში; უკრაინის უფრო მეტად ჩართვას ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსა (JTEC) და საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) დაგეგმილ ღონისძიებებში”, – ნათქვამია ანგარიშში.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები