პოლიტიკა

ცქიტიშვილი: საქართველოში ტურიზმი ე.წ. უსაფრთხო დერეფნების მეშვეობით გაიხსნება

02.06.20 13:00


"აუცილებელია ეკონომიკის ყველა სექტორის, მათ შორის ტურიზმის აღდგენა, მაგრამ საჭიროა ტურიზმი აღდგეს ფრთხილად, გონივრულად, თანმიმდევრულად და ისეთი ტემპით, რის საშუალებასაც გვაძლევს ჯანდაცვის სისტემა და რეგულაციები", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, საქართველოში ტურიზმი ე.წ. უსაფრთხო დერეფნების მეშვეობით გაიხსნება და ტურისტები ორგანიზებულად შემოვლენ იმ ქვეყნებიდან, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლის დადებითი სტატისტიკით გამოირჩევიან.

"ჩვენ ე.წ. უსაფრთხო დერეფნების მეშვეობით გავხსნით ტურიზმს. აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს ისრაელთან, ავსტრიასთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან და ასევე იმ ქვეყნებთან, რომლებიც ძალიან წარმატებით გაუძღვნენ ამ ბრძოლას და მათაც დაბალი რაოდენობა ჰყავთ ინფიცირებულების. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ამ ქვეყნებიდან შემოვიყვანოთ ტურისტები. პირველ რიგში, მათი ჩამოსვლა იქნება ორგანიზებული. ჩვენი ტურიზმის ადმინისტრაცია და ჯანდაცვის სამინისტრო დარწმუნდება, რომ სასტუმროებში დაცული იქნება წესები და გარდა ამისა, ტუროპერატორები პასუხისმგებელნი იქნებიან მათ მიერვე შემოყვანილი ტურისტების მოვლაზე", - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

ცქიტიშვილმა შიდა ტურიზმის აღდგენის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია უსაფრთხოების წესების და არსებული რეგულაციების დაცვა.

"თავდაპირველად შიდა ტურიზმის გახნის თარიღად დასახელდა 15 ივნისი, თუმცა უკვე 8 ივნისიდან იქნება შესაძლებელი გაიხნას ის სასტუმროები, რომლებსაც ყველა სტანდარტი ექნება დაცული. ჩვენ გვაქვს უდიდესი იმედი, რომ პირველ რიგში, სანამ უცხოელებზე ვისაუბრებთ, ქართველ დამსვენებელსაც ექნება სურვილი, დაისვენოს ჩვენს კურორტებზე.

გარდა ამისა, ალბათ მოვიდა დრო, რომ ჩვენც გავიცნოთ ჩვენი ქვეყანა და ბევრი ისეთი ადგილი მოვინახულოთ, სადაც გვინდოდა ჩასვლა, მაგრამ არ ვყოფილვართ", - განაცხადა ცქიტიშვილმა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები