პოლიტიკა

"დამოუკიდებელმა დეპუტატებმა" ხვალ, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ეკატერინე ტიკარაძე დაიბარეს

02.06.20 15:40


პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ხვალ ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს ელოდებიან. მინისტრი "დამოუკიდებელმა დეპუტატებმა" დაიბარეს. როგორც ფრაქციის წევრი ლევან კობერიძე „ინტერპრესნიუსთან“ განმარტავს, იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის მინისტრი კომიტეტზე არ მივა, ის კანონს დაარღვევს. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუკი მინისტრი კომიტეტზე არ ცხადდება, ვალდებულია გამოუცხადებლობის მიზეზი ფრაქციას კომიტეტამდე ერთი კვირით ადრე წერილობით აცნობოს და მისი მოსმენის სხვა თარიღი შეათანხმოს.

"მგავსი შეტყობინება არ მოსულა, რაც იმას ნიშნავს, რომ მინისტრს კანონით აქვს ვალდებულება, რომ უნდა მოვიდეს კომიტეტზე, რომელიც ხვალ არის დანიშნული. თუკი, ის ხვალ არ მოვა, ეს ნიშნავს, რომ კანონს დაარღვევს და კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს იმას, რომ პარლამენტში მხოლოდ მათი პიარისთვის მოდიან. ბევრს ჰგონია, რომ რეგლამენტი შინაგანაწესია, თუმცა, ეს არის კანონი რეგლამენტის შესახებ, შესაბამისად, კანონს არღვევს მინისტრი ასეთ დროს, როცა არ მოდის. წელიწადზე მეტია მინისტრად არის დანიშნული და პარლამენტში მხოლოდ ერთხელ არის ნამყოფი, ისიც შემოვლით. უხერხულია, მოსახლეობას მისგან კითხვებზე პასუხები სჭირდება და ამისთვის ვიბარებთ,"- განაცხადა კობერიძემ.

მისივე თქმით, ამჯერად მინისტრი 4 საკითხზე დაიბარეს, რომელთაგან 2 კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციას და სამომავლო პროგნოზს უკავშირდება, დანარჩენი საკითხები კი 520- ე დადგენილებას და სოციალური მუშაკების გათავისუფლებას ეხება.

"ამჯერად შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ ის ხელახლა დავიბარეთ პარლამენტში 4 საკითხთან დაკავშირებით. პირველი, რომ საგანგებო მდგომარეობის და შეზღუდვების მოხსნიდან გამომდინარე წარმოგვიდგინოს ინფორმაცია და გვითხრას, რა პროგნოზები გვაქვს ეპიდემიოლოგიური და ჯანდაცვის კუთხით. რამდენად მზად არის ჰოსპიტალური და პირველადი ჯანდაცვის სექტორი ეპიდემიის მართვისთვის. აქამდე გვქონდა შეკავების ფაზა, "შეკეტვა" შეგვიძლია დავარქვათ ამას. ახლა, როცა გაიხსნა ეს ყველაფერი, იწყება ეპიდემიის მართვა და ყველაზე მნიშვნელოვანია, რამდენად გამოიყენა ჯანდაცვის სამინისტრომ ეს დრო, რომ უკეთესად მომზადებულიყო ჰოსპიტალური და ჯანდაცვის სექტორი. მეორე საკითხი, რაც გვაინტრესებს, ეს არის პროგნოზი იმასთან დაკავშირებით, რა პარამეტრების და მონაცემების დროს დადგება საკითხი საგანგებო მდგომარეობის ან ნაწილობრივი შეზღუდვების შემოღების.

ახლახანს იყო ინფიცირების 26 შემთხვევა და ადამიანებმა უნდა იცოდნენ, ეს არის პანიკის საფუძველი თუ ეს ჯდება მოსალოდნელ პროგნოზში. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, მაგალითად, ბავშვები სკოლაში წაიყვანონ თუ არა. მესამე საკითხი არის სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკების გათავისუფლება, ამაზე დიდი პროტესტი იყო და ეს თემა არ დახურულა. მეოთხე საკითხი კი არის ავბედითი 520-ე დადგენილება, რაც ასევე არ მოხსნილა დღის წესრიგიდან. ამ დადგენილებით ძალიან გაუარესდა ჰოსპიტალური სექტორის, განსაკუთრებით კარდიოლოგიური კლინიკების მდგომარეობა. იყო საუბარი, რომ გარკვეული ცვლილებები შევიდოდა ამ დადგენილებაში და ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამთ. ახლა აპირებენ ახალი დადგენილების შემოღებას, რომლითაც მაღალტექნოლოგიური დარგებისთვის გარკვეული პირობები მკაცრდება, რაც პირველ ეტაპზე კარდიოლოგიას შეეხება. ითხოვენ ამ დადგენილების გადავადებას და ამაზეც არ არის პასუხი,"- აცხადებს ლევან კობერიძე.

ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის სამინისტროში ჯერ ვერ აკონკრეტებენ, მივა თუ არა მინისტრი ხვალ, კომიტეტის სხდომაზე.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები