პოლიტიკა

ეკონომიკური აქტივობის შენელებაც თავის როლს ასრულებს – თურნავა ლარის გამყარებაზე

03.06.20 13:40


“მოკლედ თქვენი მოსაწონი მომენტი ვერ დადგა”, – ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კითხვას, ბოლო დღეებში ლარის კურსის გამყარების ტენდენციის ერთ-ერთი ფაქტორი ხომ არ არის ის, რომ “მოსახლეობაში უბრალოდ ლარი აღარ არის”.

თურნავას თქმით, ლარის გამყარება რამდენიმე ფაქტორის ზემოქმედების შედეგია.

“ერთი არის ჩვენი დაბალანსებული მაკროეკონომიკური პოლიტიკა, დაბალანსებული მონეტარული და ფულადსაკრედიტო ბერკეტები, რასაც ვიყენებთ და ეს ნორმალურია. უნდა ითქვას, რომ ეკონომიკური აქტივობის შენელებაც თავის როლს ასრულებს, მაგრამ ეს არის დამაბალანსებელი პროცესი, რომელიც საბოლოოდ დადებითად აისახება, რადგან იმპორტირებული საქონლის ფასებზე ეს პოზიტიურად მოქმედებს და საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს იმასაც, რომ ინფლაცია დაუბრუნდება მიზნობრივ მაჩვენებელს”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ეროვნული ვალუტის კურსის გამყარება ხელს შეუწყობს ინფლაციის შემცირებასაც.

“თანდათან ინფლაცია, როგორც ეროვნული ბანკიც ამბობს ამას, დაუბრუნდება თავის ნორმალურ ნიშნულს. ხედავთ, რომ ეროვნული ვალუტის კურსი მყარდება და ესეც ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება. მაგრამ ვინაიდან ეს პროცესი გარკვეულ დროს საჭიროებს, იმისთვის, რომ შევარბილოთ ინფლაციური პროცესების და გლობალური ეკონომიკური კრიზისის ზემოქმედება სამომხმარებლო ფასებზე, მთავრობა აგრძელებს სუბსიდირების პროგრამას მნიშვნელოვან საქონელზე და ყველაფერი ერთობლივად, ნელ-ნელა წაგვიყვანს ნორმალიზაციისკენ”, – განაცხადა თურნავამ.

ეროვნული ვალუტა გამყარებას განაგრძობს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ლარი დაახლოებთ 12 თეთრით გამყარდა. დღეს, 3 ივნისს ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0772 ლარია, ერთი ევროს ღირებულება კი – 3.4366 ლარი.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები