პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ალბანეთის პრეზიდენტს ესაუბრა

04.06.20 17:00


საქართველოსა და ალბანეთის პრეზიდენტებმა კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყნებში შექმნილი ვითარება განიხილეს და პანდემიის შემდეგ პერიოდში ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის სტრატეგიაზე ისაუბრეს. აღნიშნულთან დაკავირებით ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, საუბრისას ხაზი გაესვა კრიზისის პირობებში პატარა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და საჭიროებას, საქართველომ და ალბანეთმა ერთად უნდა მოძებნონ გლობალური პრობლემებზე თანამშრომლობის საშუალებები.

„ალბანეთმა, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანამ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისა და ასევე ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

მხარეებმა საქართველოსა და ალბანეთის ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს და საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცა ალბანეთის პრეზიდენტს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროკავშირთან უფრო აქტიური თანამშრომლობისა და დაახლოებისათვის უფრო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სოფლის მეურნეობის სექტორში.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ აღნიშნულ პერიოდში, როცა უფრო მეტი საერთაშორისო სოლიდარობაა საჭირო, არ შეწყვეტილა და გრძელდება ბორდერიზაციის პროცესი.

საუბარი შეეხო ასევე, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და უსაფრთხო ტურიზმის დერეფნის საკითხს. იმის გამო, რომ საქართველოდან ალბანეთში პირდაპირი ფრენები არ არსებობს, საქართველოს და ალბანეთის პრეზიდენტმა გამოთქვეს სურვილი და მზაობა პირდაპირი ფრენების შესახებ მოლაპარაკებების თაობაზე“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები