პოლიტიკა

კალაძის დაპირება და თბილისის პარკინგი

05.06.20 15:40


ვინც დედაქალაქში ცხოვრობს და თან მანქანითაც გადაადგილდება, მაშინ მისი დილა, აუცილებლად საპარკინგე ადგილის მოძიებაზე ფიქრით იწყება. მოქალაქეთა ნაწილი პოულობს პარკინგისთვის სივრცეს, ნაწილი იძულებულია დაარღვიოს და სითი პარკის 10 ლარიან ჯარიმასაც მშვიდად ელოდება, მანქანის საქარე მინაზე. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების დაბალი ხარისხისა და გადაადგილების პრობლემების გამო, ბოლო პერიოდში კერძო ავტომობილებით მოძრავი მოქალაქეების რაოდენობა უფრო გაიზარდა. პარკინგის პრობლემა თბილისში დღითიდღე იზრდება და სამწუხარო რეალობად რჩება.

"პირველი რადიო" დაინტერესდა, რა შეიცვალა დედაქალაქის პარკირების სისტემაში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ? - რაც მეტს ვიკითხეთ, რაც მეტი ვიარეთ პასუხის საძიებლად, იმაზე ბევრად მძიმე პასუხის წინაშე დავდექით, ვიდრე ველოდით. მოკლე პასუხი ასეთია, ფაქტიურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არაფერიც არ შეცვლილა. დედაქალაქის მაცხოვრებლები არასწორი პარკირების ჯარიმას, საურავებსა და მანქანის გადაყვანის საფასურს ზუსტად იმავე წესით იხდიან, როგორც მანამდე. მეტიც, იმის გამო, რომ აღნიშნული კომპანია ბაზრიდან გასულიყო, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, "სითი პარკს" 4 300 000 აშშ დოლარი გადაუხადა, რის სანაცვლოდაც მიიღო კომპანია „სითი პარკის“ კუთვნილი მატერიალური აქტივები. ამასთან, „სითი პარკმა" უარი განაცხადა დავაზე, რომელიც თბილისის მერიის წინააღმდეგ იყო აღძრული.

აღნიშნული შეთანხმების შემდეგ, დედაქალაქის მერმა, განაცხადა,რომ კომპანიასა და თბილისის მუნიციპალიტეტს შორის ოპტიმალური შეთანხმება შედგა, რითიც მუნიციპალიტეტმა დაზოგა საერთაშორისო დავისთვის საჭირო მნიშვნელოვანი სახსრები და მიიღო აქტივები, რომელიც ესაჭიროებოდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას.

აღნიშნული შეთანხმების შემდეგ თითქმის ორი წელი გავიდა, მაგრამ დედაქალაქს და მის საპარკინგე ადგილებს ის შეღავათი, რაზეც თბილისის მერი საუბრობდა ამ დრომდე არ ეტყობა.

თბილისში არც მრავალ სართულიანი საპარკინგე ადგილები მოწყობილა და არც მიწისქვეშა.

რომელიც დაზოგილი თანხებით უნდა აშენებულიყო და რომელსაც კახა კალაძე სხვადასხვა ტელე ეთერიდან მოსახლეობას არაერთხელ დაჰპირებია. არც საკუთარი ავტომობილის დგომის საფასური დაკლებია თბილისის მაცხოვრებლებს, პირიქით პარკინგი გარკვეულ ტერიტორიაზე ბევრად უფრო გაძვირდა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ხაბეიშვილის თქმით, აუცილებელია გამოცხადდეს ტენდერი და შეირჩეს კომპანია, რომელიც ქალაქისთვის საჭირო პირობებით მოაწყობს ახალ საპარკინგე ადგილებს, არსებულს კი მოუვლის და ხელახლა დახაზავს.

",,სითი პარკის" გაყვანას ვუჭერდით მხარს, მაგრამ არა ისე რომ 15 მილიონი ლარით თბილისელები გვეზარალებინა. რა გამოვიდა ვთქვით რომ "სითი პარკი" გავიყვანეთ მაგრამ ჩემი, თქვენი თბილისელების ჯიბიდან 15 მილიონი ლარი გადავიხადეთ, არასწორად რომ მოიქცა კალაძე და თავში ტვინი არ აქვს სწორედ ამიტომ. თუმცა რა მივიღეთ იმის შემდეგ რაც ეს კომპანია აღარ არის, უკვე წელიწადზე მეტი დრო გავიდა და არცერთი საპარკინგე ადგილი თბილისს არ დამატებია, მეტიც რაც იყო დახაზული ისიც აღარ არის და გაქრა. პლიუს ამას ჯარიმები არის აბსოლიტურად იგივე, საურავები არის იგივე და ავტომობილის გადაყვანის წესიც არის აბსოლიტურად იგივე. როდესაც ამბობდნენ რომ "სითი პარკი" თბილისელებს აღატაკებდა, დღევანდელ პირობებში, პანდემიის დროსაც კი გაგანია საგანგებო მდგომარეობის დროსაც კი წერდა მერია ჯარიმებს. ანუ თბილისელებს ამით არაფერი შეღავათი არ მისცემია.

თუ 2014 წელს ჯარიმების შესდიოდა 25-დან 30 მილიონ ლარამდე , კალაძის პერიოდში, 2020 წლის ბიუჯეტში დაიგეგმა 50 მილიონის შესვლა ამ ჯარიმებიდან, ამასობაში ტრანსპორტის სამსახურის დაქვემდებარებაში გადავიდა ეს სტრუქტურა და ვხარჯავთ, როგორც თანამშორმლების ხელფასებსა და პრემიებში, ასევე ადმინისტრაციულ შენობასა და მანქანით მომსახურეობაში. ჯამში წლიდან წლამდე 4-5 მილიონი ლარი მინიმუმ ადმინისტრაციულ ხარჯებში მიდის.

მნიშვნელოვანია, რომ თბილისის მერიამ გაიტანოს ტენდერზე და ისეთ კომპანიას მისცეს რომელიც გააკეთებს ახალ საპარკინგე ადგილებს და პლიუს არსებულს გააკეთებს.

ახლა არც ახალი საპარკინგე ადგილია არც ძველი გაუკეთებიათ, ის რომ ამბობდა კალაძე რომ მიწის ქვედა და მიწის ზედა საპარკინგე ადგილებს აკეთებს და დღემდე არაფერი გაკეთებულა, თუ ამის თავი არ აქვს კალაძეს, გაიტანოს ტენდერზე,"-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

"პირველი რადიო" დაუკავშირდა თავად თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენელს და ვკითხეთ, არის თუ არა დაგეგმილი ახალი კომპანიის შემოსვლა ბაზარზე, რაზეც გვიპასუხეს, რომ ამ ეტაპზე რაიმე ცვლილება არ იგეგმება და თუ იგეგმება, მაშინ აღნიშნულ თემაზე ინფორმაციას არ ფლობენ და მერიაში გადაგვემოწმებინა. რაც შეეხება ახალ საპარკინგე ტერიტორიების მოწყობას, აღნიშნავენ რომ კომპანია აწარმოებს ადმინისტრაციულ სამუშაოებს, რაშიც შედის, ინფრასტრუქტურის მოწყობა, ზედამხედველობა, ჯარიმების გამოწერა, ჯარიმების კონტროლი, არასწორი პარკირების ზედამხედველობა ა.შ. ხოლო რაც შეეხება ახალ საპარკინგე ადგილებს, რომელიც თბილისის მერის, კახა კალაძის არაერთი განცხადებით იგეგმებოდა, სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს მათი პრეროგატივა არ არის.

"თბილისის სატრანსპორტო კომპანიას დაევალა, "სითი პარკის" გაუქმების შემდეგ თბილისის პარკინგის ადმინისტრირება, ინფრასტრუქტურის მოწყობა, ზედამხედველობა, ჯარიმების გამოწერა, ჯარიმების კონტროლი, არასწორი პარკირების ზედამხედველობა ა.შ. თუ დამატებით მერია გეგმავს ახალი კომპანიის შემოყვანას და ამ უფლებების მათზე გადაცემას მე, ეს ინფორმაცია არ მაქვს, აღნიშნული კითხვაზე მერიამ უნდა მოგაწოდოთ ინფორმაცია. ჩვენ ამ ეტაპზე აღნიშნულ ინფორმაციის შესახებ, რომ ვინმე სხვა კომპანია გადაიბარებს აღნიშნულ სერვისი ჩვენ არ გვაქვს,"-აცხადებს კომპანიის საზოგადოებასთან უერთიერთობის სამსახურის უფროსი.

კომპანიის წარმომადგენელს ასევე ვკითხეთ, თუ რა რამდენი აქვს კომპანიას წლის განმავლობაში, ჯარიმებიდან შემოსავალი და ასევე რამდენი საპარკინგე ადგილი დაიხაზა და გარემონტდა, რაზეც გვიპასუხეს, რომ აღნიშნულ ინფორმაციას ოფიციალური წერილის საფუძველზე მოგვცემენ, რომელსაც დრო სჭირდება და შემდეგ აუცილებლად გაგაცნობთ

"ოფიციალური წერილის საფუძველზე შეგიძლიათ გამოითხოვოთ ინფორმაცია, თუ რამდენი ჯარიმა დაიწერა წლის განმავლობაში, რამდენი თანხა შემოვიდა, ასევე რამდენი საპარკინგე ადგილი დაიხაზა, იმიტომ რომ თითქმის ყველა ის საპარკინგე ადგილი დაიხაზა, რომელიც ჩვენს ადმინისტრირებაში გადმოგვეცა, ჩვენ არ ვქმნით ახალ საპარკინგე ადგილებს, ჩვენ რასაც მერია გადმოგვცემს იმის ადმინისტრირებას ვახდენთ, დაიხაზა საპარკინგე ადგილები, ამოქმედდა საათობრივი პარკირება სხვადასხვა ქუჩებზე და ამის ადმინისტრირებასაც ჩვენ ვახდენთ, გამოიცვალა აბსოლიტურად ყველა ნიშანი, ბევრად უფრო გამართული და ადვილად საკითხავი რომ იყოს. ამას გარდა ადმინისტრირებასა და სერვისში რაც იგულისხმება,"-აცხადებს სატრანსპორტო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.

და ბოლოს შეგვიძლია ვთქვათ, დღეს უკვე ყველასთვის ნათელია, რომ პარკირების ინფრასტრუქტურის, პარკირების ახალი წესებისა და თანამედროვე მარეგულირებელი კანონმდებლობის დანერგვის გარეშე ახლა არსებული გადაადგილების პრობლემა თბილისში, ძალიან მალე უფრო გართულდება, ცოტა ხანში კი შეუძლებელი იქნება მოქალაქეების როგორც ტრანსპორტით, ისე ფეხით შეუფერხებლად მოძრაობის უზრუნველყოფა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები