პოლიტიკა

გიორგი გახარიამ ქუთაისის შემოვლითი გზის სამუშაოები დაათვალიერა, მაგისტრალის 19კმ-იან მონაკვეთზე მოძრაობა ივლისიდან იქნება შესაძლებელი

05.06.20 16:00


ქუთაისის შემოვლითი გზის ოთხზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალის სამუშაოები გეგმის მიხედვით, აქტიურად მიმდინარეობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მორიგი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის მშენებლობა კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად არ შეჩერებულა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან, ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ირაკლი ქარსელაძესთან და იმერეთის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესთან ერთად დაათვალიერა.

გზის ერთ, 19კმ-იან მონაკვეთზე სამუშაოები დასრულების ეტაპზეა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ივლისიდან გახდება შესაძლებელი, ხოლო მეორე 56კმ-იან მონაკვეთზე მოძრაობა 2020 წლის ბოლოს აღდგება.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქუთაისის შემოვლითი, ორ-მიმართულებიანი, ცალმხრივი გზა მნიშვნელოვნად აამაღლებს მოძრაობის უსაფრთხოების დონეს.

საქართველოს მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამასთანავე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ძირითად სამუშაოებს ქართული კომპანია „ბლექ სი გრუპი” ატარებს, რამდენადაც ის პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც ჩქაროსნული გზის მშენებლობას ახორციელებს დამოუკიდებლად და არა, როგორც ქვეკონტრაქტორი.

პროექტის ფარგლებში, ქუთაისის შემოვლით გზაზე ახალი 41.3 კმ-იანი ორზოლიანი მონაკვეთი და 12 ხიდი შენდება. ამ დროისთვის მიმდინარეობს გზის საფარის მოწყობა, ხიდებისა და გზაგამტარების მშენებლობა, მონტაჟდება საგზაო ნიშნები და გარე განათება. უკვე შესრულებულია სამუშაოების 63 პროცენტი, რაც 116.5 მილიონ ლარს შეადგენს, მშენებლობის ფარგლებში ეკონომია კი, 14 მილიონი ლარია. პროექტის ჯამური ღირებულება 200 მილიონ ლარზე მეტია და ის სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.



წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები